მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვამ ევროპის არცერთ ქალაქში, მათ შორის მილანშიც არ იმუშავა - ასმათ აბესაძე

ასმათ აბესაძე

“ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვამ არსად არ იმუშავა,”- კომპანია Bartholet-ის წარმომადგენელი საქართველოში თბილისის მერის ქალაქის საცობებისგან განტვირთვის ინიციატივაზე აცხადებს, რომ ეს მოძველებული და არაეფექტური მიდგომაა, რომელმაც ევროპის არცერთ ქალაქში, მათ შორის, მილანშიც არ იმუშავა.

ასმათ აბესაძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ მისი ადმინისტრირება რთულია და შედეგის ნაცვლად დამატებით პრობლემებს ქმნის.

რაც შეეხება ფასიანი ზონების მოწყობას, მისი შეფასებით, ასეთი სისტემა მხოლოდ მას შემდეგ მუშაობს, რაც ქალაქში გამართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოწყობილია უფასო საპარკინგე სივრცეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საცობებს ვერ შეამცირებს და მხოლოდ მოსახლეობას გაუძვირებს გადაადგილებას.

ასმათ აბესაძე მიიჩნევს, რომ საცობების პრობლემა მობილობის შემცირებით კი არ უნდა მოგვარდეს, არამედ მოქალაქეებისთვის კომფორტული ალტერნატივის შეთავაზებით, რათა მათ საკუთარი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა არჩიონ.

"ლუწი და კენტ ნომრიანი მანქანებისთვის გარკვეულ დღეებში შეზღუდვამ არ იმუშავა არსად. არცერთ ევროპულ დედაქალაქში ეს არ არის — საკმაოდ მოძველებული მიდგომაა, რომელიც დღეს არცერთ ევროპულ დედაქალაქში აღარ მუშაობს იმიტომ, რომ შედეგი არ მოიტანა. 15 წლის წინ სადღაც, იგივე მილანში დავუშვათ, იყო ამის პრეცედენტი, მაგრამ არანაირი გავლენა ქალაქში მოძრაობის განტვირთვაზე არ მოახდინა ასეთმა მიდგომამ და პირიქით, დამატებით შექმნა პრობლემები როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მერიის სამსახურებისათვის, რადგან ასეთი სისტემის ადმინისტრირება ძალიან რთულია და ისიც ძალიან რთულია, რომ განსაზღვრო რა ტიპის მანქანები (ლუწ და კენტ ნომერს არა აქვს მნიშვნელობა) გამოდის ქუჩაში ყოველდღე და რა ტიპის საქმიანობისთვის და ვინ არ გამოდის და ა.შ

მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი მიდგომა და ჩემი მოსაზრება არის ის, რომ ლუწ-კენტ ნომრიანი მანქანების შეზღუდვა გარკვეული დღეების მიხედვით უშედეგო იქნება. ეს აჩვენა ევროპულმა გამოცდილებამ.

რაც შეეხება ფასიან ზონებს, მას შემდეგ შეიძლება ამის შემოღება და ეს საკმაოდ კარგად მუშაობს ლონდონში, კარგად მუშაობს რომშიც, ძველ ქალაქში შესვლა საკმაოდ შეზღუდულია და ბევრი საკმაოდ მაღალი შეძლების მქონე ადამიანიც არიდებს თავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში შესვლას ზუსტად აი ამ გადასახადის გამო, რომელიც იქ არსებობს — არ უღირს, მარტივად რომ ვთქვა, მაგრამ მათ აქვთ საშუალება, რომ თავიანთი კუთვნილი ავტომობილები პარკინგზე დააყენონ, რომელიც განთავსებულია უფასო ზონაში.

აი ეს უნდა დავახვედროთ პირველ რიგში მოქალაქეს, თბილისელს, იმისათვის, რომ ვისაუბროთ შევზღუდოთ მათი მოძრაობა ქალაქის ცენტრში ან დავაწესოთ დამატებითი გადასახადი.

თვითონ საცობების პრობლემა ძალიან კომპლექსურია. საცობი რა არის? საცობი არის მობილობა. ანუ საცობი არის ქალაქში იმიტომ, რომ მობილობა იმატებს და მობილობის მომატება ქალაქისთვის არის ძალიან კარგი. ამ ქალაქში მობილობა დღემდე საკმაოდ დაბალია ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქთან შედარებით. საქმე არის იმაში, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა იმისთვის, რომ ვაიძულოთ მოქალაქე, ჩემი ჩათვლით, გადაჯდეს მისი კუთვნილი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ იმის გარეშე, რომ შემცირდეს ამ ქალაქში მობილობა. ანუ მე რა საქმესაც ვაკეთებ დღის განმავლობაში, უნდა შევძლო ამ საქმის გაკეთება, მოძრაობა და გადაადგილება, ოღონდ არა ჩემი საკუთარი ავტომობილით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით. აი ეს არის ძირითადი ამოცანა და აი ეს არის ის კომპლექსური მიდგომა, რომელიც აი ამ ქალაქს სჭირდება იმისთვის, რომ მოგვარდეს საცობების პრობლემა საბოლოოდ",-აცხადებს ასმათ აბესაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები