Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, მშენებარე საცხოვრებელი ფართების რაოდენობამ 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 87 ათასზე მეტი მშენებარე ბინა იყო.
კვლევის მიხედვით, 2025 წელს დედაქალაქის საბინაო ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა - დასრულდა თითქმის 20 ათასი ბინის მშენებლობა.
მშენებარე ბინების რაოდენობა წლების მიხედვით

მიწოდების ნაწილში საბურთალო ლიდერობს აქტიური მშენებლობების დაახლოებით 23%-ით, რომელსაც მოჰყვება დიდი დიღომი და სამგორი მშენებარე პროექტების 19% და 18%-ით.
"2025 წელს ახალი მშენებლობების დაწყების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა. ეს შენელება დიდწილად საკრედიტო ბაზარზე არსებული გამკაცრებით არის განპირობებული, რადგან ბანკებმა ახალი განვითარების პროექტებისთვის ნაკლები სესხი გასცეს",- წერია კვლევაში.
Colliers-ში აღნიშნავენ, რომ „არქი ჯგუფი“ კვლავაც ინარჩუნებს ბაზრის წამყვანი დეველოპერის პოზიციას, 2025 წლის ბოლოსთვის აქტიური მშენებლობის პროცესში მყოფი საცხოვრებელი ფართის 7.8%-იანი წილით.




























