ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შემცირდა. Colliers Georgia -ს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 4.3%-ით შემცირდა. ჯამში 1,235 ბინა გაიყიდა. რაოდენობრივი კლების მიუხედავად, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.
ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 6.3%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 31.4%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-24.2%), მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 15.1%-ით მოიმატა.
“ტრანზაქციების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის აგვისტოში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი”, - მიუთითებს კომპანია.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,386 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
"პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 1.2%-ით მოიმატა”- ნათქვამია მიმოხილვაში.
























