ბობოყვათში მდებარე ტანსაცმლის სამკერვალო საწარმო „აჭარა ტექსტილე“ 2025 წელს პოზიტიურ და მზარდ მაჩვენებლებს ელის. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დირექტორმა გია ლომინაძემ აღნიშნა, „აჭარა ტექსტილეს“ მთავარი ორი დამკვეთი წელსაც Nike და Adidas-ია.
„მათთან ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ისინი სტაბილური დამკვეთები არიან“, - ამბობს ლომინაძე და დასძენს, რომ სიახლეები დამკვეთების კუთხით ჯერჯერობით არ აქვთ.
„2025 წელს წარმოების მოცულობის გაზრდას ველით. ჩვენ უკვე ვიცით, რა რაოდენობის შეკერვას შევძლებთ წელს. ამ ეტაპზე მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია“, - აღნიშნა საწარმოს ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება გასულ წელს, გია ლომინაძის თქმით, 2024 წელიც 10%-იანი ზრდით დაასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტილის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა კვლავ მუშახელის დეფიციტია. თუმცა, როგორც ის ამბობს, ამ კუთხით მათ კომპანიაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
„მეტ-ნაკლებად დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ამ ეტაპზე, და ვფიქრობ, რომ ასე თუ გაგრძელდა, 2025 წელი უკეთესი იქნება. ეს შესაძლოა იმის ბრალია, რომ ადამიანების იმდენი გადინება აღარაა ქვეყნიდან, რამდენიც ადრე იყო. ასევე ჩვენთან სისტემატურად ხდება ხელფასების მატება. ასევე გვაქვს სტაჟის ხელფასი. დასაქმებული იმის მიხედვით იღებს ბონუსს, რამდენი ხანიც ჩვენთან აქვს ნამუშევარი. ამიტომაც ძირითადი მკერავები, რომლებიც ჩვენთან დიდი ხანია არიან, აღარ მიდიან, ვინაიდან კარგი ხელფასი გამოსდით“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გლობალური ბრენდები, ისეთები როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა კომპანიები უკვე არაერთი წელია საქართველოში ტანსაცმლის უმსხვილეს მწარმოებელთან კომპანია “აჭარა ტექსტილესთან” თანამშრომლობენ. სამკერვალო 2008 წელს თურქულმა სააქციო საზოგადოება “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთმა” დააფუძნა. აღნიშნული კომპანიის 50%-50%-იან წილებს ბიზნესმენები ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და ქემალ ბილგინგულლუოღლუ ფლობენ.
“აჭარა ტექსტილეს” მმართველობითი და ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 26%-ით შემცირდა და მან 247 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანობაში 2023 წელი “აჭარა ტექსტილმა” 17.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.