ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ დღეს ახალი ამბიციური მიზანი დაისახა: 2025 წლამდე ქვეყნის კომპიუტერული გამოთვლის სიმძლავრე 50%-ით უნდა გაიზარდოს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
მთავრობის განმარტებით, 2025 წელს გამოთვლის სიმძლავრე 300 ექსაფლოპი უნდა გახდეს, რაც დაახლოებით 600 მილიონი პერსონალური კომპიუტერის ეკვივალენტი იქნება. ამ ყველაფრის მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და სუპერკომპიუტინგის განვითარების მიმართულებით ჩინეთის დაწინაურებაა.
ჩინეთის მთავრობა ახლა უკვე ღიად აცხადებს, რომ ისინი ტექნოლოგიურ ფრონტზე ლიდერობის მოპოვებას აპირებენ და ამისათვის არაფერს დაიშურებენ. კომპიუტერული სიმძლავრის ასე დრამატულად გასაზრდელად ჩინეთს რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს, რისთვისაც, როგორც ჩანს, მთავრობა მზად არის.




























