მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უძრავ ქონებაზე ჩინელების მხრიდან ინტერესი გაჩნდა - ასოციაცია

ნატა მოდებაძე

უძრავი ქონების ასოციაციის წევრის, ნატა მოდებაძის განცხადებით, საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, შუა აზიის ქვეყნებიდან და ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან გაჩნდა. თუმცა, როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, ძირითადი ინტერესი კვლავ რუსებისა და ბელორუსების მხრიდან მოდის.

„თუ აქამდე შემოდიოდნენ რუსები, ბელორუსები, მათ ისევ დიდი წილი უჭირავთ, თუმცა ახლა გამოჩნდნენ შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც, ასევე ჩინელი ინვესტორებიც. მათ უფრო ინფრასტრუქტურული პროექტები აინტერესებთ, ვიდრე საცხოვრებელი უძრავი ქონება. ასევე, უფრო თბილისი, თუმცა, ბათუმიც აინტერესებთ.

რაც უფრო ვუახლოვდებით ქვეყანას [ჩინეთს] ეკონომიკურად, მით უფრო იზრდება ინტერესი მათი მხრიდან, შემოდიან ქვეყანაში და სხვადასხვა პროექტებით ინტერესდებიან. მათ შორის აქტიური მუშაობა მიდის კვების ობიექტებში იმაზე, თუ რა ტიპის საკვებით შეძლება აზიელებს გავუმასპინძლდეთ. ამ მიმართულებით ბაზარზე გააქტიურება შეინიშნება“, - განაცხადა ნატა მოდებაძემ.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ფასები უმნიშვნელოდ გაზრდილია, მაგრამ მოთხოვნა მაინც არის.

„ეს არ არის ხელოვნური, ვინაიდან მოთხოვნა და მიწოდება თანხვედრაშია. რადგანაც ამ ფასებში მაინც ყიდულობენ, ესე იგი მოთხოვნა მაინც არის. უბრალოდ გაყიდვების რაოდენობა შემცირებულია. ბათუმში გაყიდვების რაოდენობამ უფრო მეტად იკლო და უფრო ჭირს გაყიდვები, ვიდრე თბილისში. ზოგადად, გაყიდვებმა რომ იკლო, ბუნებრივია. უძრავი ქონება არის სენსიტიური სექტორი, ნებისმიერ რყევაზე, ვალუტის რყევაზე, არჩევნებზე და ყველაფერზე რეაგირებს. ჩვენ საარჩევნო წელი გვაქვს, ეს კლება არის ბუნებრივი და მოსალოდნელიც იყო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მაისის მოვლენებს. ამ შემთხვევაში უძრავი ქონებაზე ფიქრისთვის არავის სცალია და ყიდვა-გაყიდვის ტემპი იკლებს, მათ შორის უცხოელი ინვესტორებიც, არეულობის დროს, გარკვეული პერიოდით აპაუზებენ [ყიდვებს]“, - განაცხადა ნატა მოდებაძემ.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნია, რომ ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა რეალური არ არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი თქვა, რომ ეროვნული ბანკი ვერ ხედავს რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს და ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან თანხვედრაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები