2025 წლიდან პოლიციაში მიღება სპეციალური კონკურსის გარეშე მოხდება. მიღების წესსა და პირობებს შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილება შედის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც „ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებმა რატი იონათამიშვილმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ნინო წილოსანმა, ალუდა ღუდუშაურმა, ირაკლი შატაკიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააინიიცირეს.
“მნიშვნელოვანია, რომ პოლიციაში არსებობს ასევე გასამხედროებული დანაყოფები, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. აღნიშნულ სამსახურებში მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, გასამხედროებული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროა პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესები მოდიფიცირდეს და პოლიციაში არსებულ პოზიციებზე მათი სპეციფიკის გათვალისწინებით დადგინდეს მიღების განსხვავებული წესები. სამართალდამცავი სისტემის საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილებით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები“, - ნათქვამია ცვლილებების კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება სამსახურში მიღების საგამონაკლისო წესების დადგენისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. ამასთან, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.