მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლიდან საქალაქთაშორისო ბილეთების შეძენა ონლაინაც შესაძლებელი იქნება - დეტალები

ავტოსადგური

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ბილეთების ონლაინ სისტემაზე მუშაობს, რომლითაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტში ადგილის შეძენას, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები შეძლებენ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ დღეს, მგზავრთგადაყვანის ქაოსურ სისტემას და პრობლემებს სისტემა მოაგვარებს, რომელზეც სააგენტო მუშაობს.

"ბილეთების სისტემაზე სახმელეთო სააგენტო მუშაობს, რაც შეეხება სოფტს [პროგრამულ უზრუნველყოფას], აწყობილი იქნება განრიგები. ავტოსადგურებს ჩვენთან შეთანხმებით ექნებათ განრიგები. მაგალითად: თბილისი-ზესტაფონი, თბილისი-ქუთაისი რომელ საათზე უნდა გავიდეს, რომელ საათზე უნდა ჩავიდეს და ა.შ. ამ განრიგებზე იქნება მიბმული ელექტრონული ბილეთები, როგორც ეს რკინიგზის ბილეთების შემთხვევაშია. ასევე, ადგილზე აუცილებლად იარსებებს ფიზიკური სალაროც. მაქსიმალურად კომფორტული იქნება ყველასათვის.

მიზანია, რომ როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა, ისევე ტურისტებმა, იცოდნენ როდის, რომელი სადგურიდან გადის და როდის და რომელ სადგურში ჩავა ტრანსპორტი. დღეს ამ მხრივ ქაოსური მდგომარეობაა. სანამ გადამზიდი ავტომობილს შეავსებს სადგურიდან არ გადის და სხვა, უამრავი პრობლემაა. ასევე, არის ბევრი დაურეგულირებელი საკითხი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული ევროპული სტანდარტით.

ბილეთის აღება ტურისტს შეეძლება ისე, როგორც ეს ევროპაშია. თვითმფინავის ბილეთს მიაბამს მატარებლის, ავტობუსის ბილეთს და ეცოდინება, როდის გავა და როდის ჩავა მისი ავტობუსი დანიშნულების ადგილას. რუკა იქნება დახატული, რომელი ქალაქიდან რომელ დაბაზე გადის და ა.შ. ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის (ავტობუსებით) ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები