მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 კმ-ზე მეტ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება - სამინისტროს განმარტება

ავტოსადგურები

მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილია (მძღოლის ადგილის გარდა) და მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება - რომლის სრული მასა აღემატება 5 ტონას.

კითხვაზე სად შეძლებენ მიკროავტობუსები მგზავრების გადაყვანას რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სამინისტროში აცხადებენ , რომ ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად მიკროავტობუსების გამოყენება შესაძლებელია იქნება გამგზავრების პუნქტიდან 150 კილომეტრამდე მანძილზე. ამასთან, მათი გამოყენებით შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება. ასევე, მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსის ექსპლუატაცია შესაძლებელი იქნება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით.

კითხვაზე დათვლილია თუ არა ეფექტი,რაც შეიძლება აღნიშნულ რეგულაციას მოჰყვეს და არსებობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი რაოდენობა, ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ რეგულაციის შესახებ ბიზნესი ინფორმირებულია და ისინი მზაობას გამოთქვამენ ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენასა თუ დაქირავებაზე.

"სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებულია 5526 ტექნიკურად გამართული M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. აქედან დიდი ნაწილი დასაქმდება ზემოთ აღნიშნულ მარშრუტებზე. აღსანიშნავია, რომ გადამზიდველებისთვის ცნობილია ზემოთ ხსენებული სტატისტიკა და აქვთ შესაბამისი მზაობა იმისათვის, რომ განახორციელონ აღნიშნულ კანონპროქტთან თანხვედრა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავების, შეძენის და ჩანაცვლების გზით, რომელიც ასევე გულისხმობს მგზავრების ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანების დროს. მგზავრთა ტევადობიდან გამომდინარე ერთი ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი ანაცვლებს სამ ერთეულ ე.წ. მიკროავტობუსს,"- ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები