მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის (ავტობუსებით) ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ მიზანი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრთგადაყვანის სისტემის შექმნაა.
გამყრელიძის თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ავტობუსის მძღოლები გახდნენ და უმუშევარი არავინ დარჩება.
"პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ადამიანების უსაფრთხოებას. ეს არის რეგულირების მიზეზი. დღეს, ვიცით, რომ არანაირი ნორმები არ არის დაცული. ჩამატებულია სავარძლები, სატვირთო ავტომობილები გადაკეთებულია სამგზავროდ და ა.შ. ასევე, არ არის არანაირი კომფორტი. ჩვენ, გვინდა რომ 2025 წლის მარტიდან ავამოქმედოთ სალიცენზიო რეჟიმი, რომელიც უკვე ცნობილია და რომლისთვისაც საინფორმაციო კამპანიაც წარმოებს. მაქსიმალურად გვინდა გავამარტივოთ გადამზიდავებისთვის ლიცენზიის აღება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სულ რამდენიმე სერვის ცენტრი აქვს, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით და იუსტიციის ნებისმიერ სახლში შეუძლიათ აიღონ ეს ნებართვა/ლიცენზია. ეს კომფორტიც მივეცით.
არანაირი გადამზიდავი არ დარჩება უმუშევარი. თუ ვინმე მოინდომებს, 2025 წლის მარტიდან შედის ძალაში და 150 კმ-ზე უფრო შორ დისტანციაზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთგადაყვანა იქნება დაშვებული. ეს არის პირველ რიგში უსაფრთხო და შემდეგ კომფორტული და ევროპის ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში შორ მანძილზე გადაადგილება ხდება M3 კატეგორიის ტრანსპორტით. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ იქნება უსაფრთხო დაცული და კომფორტული მგზავრების და საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება მძღოლებს, M3 კატეგორიის ტრანსპორტსაც დასჭირდება მძღოლები და გადასხდებიან M3 კატეგორიის მანქანებზე. ეს რაც შეეხება აჟიოტაჟს თითქოს ხალხი რჩება უმუშევარი", - განაცხადა ლევან გამყრელიძემ BM.GE-სთან.
მისივე თქმით, ავტომობილები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, მუშაობას როგორც სატვირთო ტრანსპორტი, ისე გააგრძელებენ მუშაობას.
"მანქანები, რომლებიც მოუწესრიგებელია, სატვირთო გადაკეთებულია სამგზავროდ ჩვენთან ვერ გაივლიან რეგისტრაციას. გადაკეთდებიან სატვირთოდ, ან გადავლენ რეგიონებში, როგორც სატვირთო ავტომობილები. არავინ მათ არ ზღუდავს, ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ მომსახურება, ხარისხი და უსაფრთხოება", - ამბობს გამყრელიძე.