მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Google map-ზე საქართველოს 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებები დაემატება

გუგლი
სტატიაში საუბარია:

Google map-ზე საქართველოს 360-გრადუსიან პანორამული გამოსახულებები - Google Street View დაემატება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება. უწყების ცნობით, Google-ის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს 24 ქალაქში 360-გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, იგეგმება 15,000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქების, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, ძირითადი ფოკუსირებით გზებსა და მაგისტრალებზე.

"საქართველოს ქალაქების 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება 2026 წელს დაიწყება, რაც გააუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - ვიზიტორებს შეეძლებათ წინასწარ დაათვალიერონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა.

Street View-ის გამოსახულებები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე კერძო ტერიტორიებს, რომელთა ფოტოგრაფირების ნებართვაც არსებობს. გარდა ამისა, Google უზრუნველყოფს მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რათა ადამიანებმა მოითხოვონ მათი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის დაფარვა და მონიშნონ მათთვის შეუსაბამო/მიუღებელი გამოსახულებები განხილვისა და წაშლისთვის", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, Google Street View არის ტექნოლოგია, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც მომხმარებლებს Google Maps-ში აქვთ. იგი უზრუნველყოფს ინტერაქტიულ პანორამებს ქუჩების პოზიციებიდან. Google Street View პირველად 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში გამოჩნდა. დღეს კი, ის მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები