ვენეცია 2025 წელს იმ დღეების რაოდენობას აორმაგებს, როცა ტურისტებისთვის ქალაქში შესვლა ფასიანია. ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წლევანდელმა საცდელმა პერიოდმა, მათი შეფასებით, წარმატებულად ჩაიარა.
როგორც ქალაქის მერი, ლუიჯი ბრუგნარო აცხადებს, მიზანი ტურისტების წახალისებაა, ვენეციას "ისეთი პატივი მიაგონ, როგორც ამას ქალაქი იმსახურებს".
2025 წლის ტურისტულ სეზონზე, აპრილიდან ივლისის ჩათვლით კონკრეტულ დღეებში, ტურისტებს, რომლებიც ვენეციაში ერთი დღით ჩადიან და ღამეს არ ათევენ, ქალაქში შესასვლელად €5 ევროს გადახდა მოუწევთ, თუმცა მოსაკრებელი €10-მდე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მოგზაური ბილეთს ვენეციაში ჩასვლამდე 4 ან ნაკლები დღით ადრე შეიძენს.
ტურისტული მოსაკრებელი მერიამ 2024 წლის აპრილიდან აამოქმედა და ის 4-თვიან პერიოდში 29 კონკრეტულ თარიღს ითვალისწინებდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი უქმე დღეები ან დღესასწაულები იყო.
2025 წლიდან გადასახადი იმოქმედებს 18 აპრილიდან 27 ივლისის ჩათვლით ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას და, ასევე, დღესასწაულებზე, რაც ჯამში 54 დღეს უდრის.
14 წელს გადაცილებულ ყველა მოგზაურს გადასახადის გადახდა მოუწევთ და ეს მობილური ტელეფონში QR კოდის გადმოწერის საშუალებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი სამსახური ბილეთებს შემთხვევითობის პრინციპით საჯარო ადგილებშიც შეამოწმებს.
2024 წლის ნაცვლად, შემდეგ წელსაც, გადასახადისგან თავისუფლდებიან ადამიანები, ვისაც ღამის გასათევი ადგილები ექნებათ დაჯავშნილი.
აღსანიშნავია, რომ საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, 2024 წლის ივლისის მონაცემებით, ქალაქმა ტურისტული შემოსავლებით $2.5 მილიონი მიიღო, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბილეთების გასაყიდი პლატფორმის შექმნა და შესაბამისი საკომუნიკაციო კამპანია ვენეციის ბიუჯეტს $3 მილიონზე მეტი დაუჯდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა უშედეგოა და ტურისტების ნაკადებს ვერ აკონტროლებს. მათივე თქმით, თუ ქალაქის გადასახადი €10-ს მიაღწევს, ეს ვენეციის მუზეუმად ქცევის ტოლფასია.