2025 წლის 11 თვეში საქართველოში ნიგვზის იმპორტი გაიზარდა. საუბარია ახალ ან ხმელ, ნაჭუჭგაცლილ კაკალზე.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში ქვეყანაში $13.1 მლნ-ის ღირებულების, 3 056 ტონა ნიგოზი შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $10.7 მლნ-ს და 2 746 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 22.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა – 11.2%-ით.
ამ პერიოდში, საქართველოსთვის ნიგვზის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიდანაც $7.9 მლნ-ის ღირებულების, 1 807 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე უზბეკეთია - $4.2 მლნ და 1 042 ტონა, ხოლო მესამე პოზიციას ყირგიზეთი $650 ათასით და 162 ტონით იკავებს.
ნიგოზი ასევე ჩილედან ($250 ათასი, 20 ტონა) და თურქეთიდან ($96 ათასი, 23 ტონა) შევისყიდეთ.
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ნიგვზის ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა $651 ათასი და 82 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გაყიდული ნიგვზის ღირებულება $1 მლნ-ს შეადგენდა, ხოლო მოცულობა 153 ტონას.
შედეგად, ნიგვზის ექსპორტის ღირებულება 39.8%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა - 46.4%-ით.
11 თვეში საქართველოსთვის ნიგვზის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი საბერძნეთია, სადაც $219 ათასის ღირებულების, 22 ტონა ნიგოზი გავიდა. მას მოსდევს ირანი – $210 ათასი და 21 ტონა. ექსპორტი განხორციელდა ასევე რუსეთში ($87 ათასი, 10 ტონა), იტალიაში ($64 ათასი, 16 ტონა) და პოლონეთში ($49 ათასი, 10 ტონა).




























