მიმდინარე წლის ოთხ თვეში Georgian airways-მა ქართულ საავიაციო ბაზარზე პოზიციები კიდევ გაიუმჯობესა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 160 437 მგზავრი გადაიყვანა და საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს Turkish Airlines-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით,7%-იანი წილით ავიაკომპანია მესამე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ორი ბიუჯეტური Wizz air-ი და Pegasus-ი უსწრებენ.
რეგულარული/ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 18% (392 454 მგზავრი);
- Pegasus – 8% (180 098 მგზავრი);
- Georgian Airways – 7.3% (160 437 მგზავრი);
- Turkish Airlines – 7% (151 719 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines – 6.5% (141 468 მგზავრი).
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა შარშანაც მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების 120%-იანი ზრდის შემდეგ, ქართული ავიაკომპანია, რომელიც ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთის მიმართულებით აქტიურად დაფრინავს, 2024 წელს 515 113 ათასს მგზავრს მოემსახურა, რაც 57%-იანი ზრდაა წლიურ ჭრილში. ამ მონაცემებით Georgian Airways-ს საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანიაა. მას მხოლოდ თურქული Pegasus-ი; Turkish airlines-ი და უნგრული Wizz air-ი უსწრებენ. შედარებისთვის Georgian Airways 2022 წელს ფრენების აღდგენამდე, 3%-იანი წილით მე-9 ადგილზე იყო.
სტატისტიკაში არ ჩანს, ქართული ავიაკომპანიის მგზავრთნაკადის ზრდაში ზუსტად რა წვლილი აქვს რუსეთში ფრენებს, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის აქტიური მხარდამჭერი იყო. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის ღიად უარყოფითი პოზიციისა და სანქციების საფრთხის მიუხედავად, 2023 წელს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინა.




























