Galt & Taggart-ის ეკონომიკის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის 6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში შემოსავლები კვარტალების მიხედვით არის წარმოდგენილი და ზრდას აჩვენებს:
"ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.1%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 მლრდ აშშ დოლარს (+6.2% წ/წ) გაუტოლდა. ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს".
კვირის მიმოხილვაში ასევე ტურიზმის სტატისტიკაა მოყვანილი, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ კვირაში გამოაქვეყნა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ვიზიტორების გაზრდილ მაჩვენებლებში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი რუსეთი იყო.
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.7%-იანმა ზრდამ განაპირობა (80.1% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა.
ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+16.0% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+46.7% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება), ევროკავშირიდან (+20.5% წ/წ), სომხეთიდან (+7.2% წ/წ) და ინდოეთიდან (+33.5% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-16.5% წ/წ) და ირანიდან (-8.2% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში. ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.5%-იანი წილი).




























