მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ბოლომდე ჩარიცხულებს გრანტების გაუმჯობესება კვლავ შეეძლებათ - პარლამენტმა კანონი დაჩქარებულად დაამტკიცა

სტუდენტი

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტების მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა შეუნარჩუნდებათ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.

მიღებული ცვლილებები ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ საგრანტო სისტემის გაუქმებამდე მოქმედი წესების ფარგლებში და ჰქონდათ მოლოდინი, რომ სწავლის პერიოდში სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ან არსებული გრანტის გაზრდას შეძლებდნენ.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მანამდე მოქმედი რეგულაცია მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსების შენარჩუნებას ითვალისწინებდა, რაც გამორიცხავდა სტუდენტების შესაძლებლობას მომავალში გაეუმჯობესებინათ დაფინანსება ან მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში.

ცვლილებების შედეგად, გარდამავალ პერიოდში სტუდენტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა:

  • მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში;
  • ისარგებლონ სოციალური პროგრამებით;
  • მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სასწავლო და სამაგისტრო გრანტები.

კანონი ასევე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს, რომლებიც 2025 წლის ერთიანი ეროვნული ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ საქართველოში. მათაც შეეძლებათ სახელმწიფო სასწავლო ან სასწავლო-სამაგისტრო გრანტების მიღება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება დამატებით ფინანსურ რესურსს 2026 წლის ბიუჯეტიდან არ მოითხოვს, რადგან შესაბამისი ხარჯები უკვე გათვალისწინებული იყო განათლების სამინისტროს ასიგნებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები