საქართველოს პარლამენტი 2026 წლის საკუთარ ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით ამცირებს და დაზოგილ თანხას ფინანსთა სამინისტროს უბრუნებს, თუმცა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში დამატებით 3 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს - საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც ოქროჯანაშვილმა განმარტა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 10-მილიონიანი ეკონომია წარმოიქმნა, რის გამოც პარლამენტი საკუთარ დაფინანსებას ამცირებს.
"საქართველოს პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტში წარმოქმნილი ეკონომია ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შრომის ანაზღაურების მუხლიდან, შეგვიძლია 6 მილიონი ლარი უკვე დავუბრუნოთ ფინანსთა სამინისტროს განკარგვისთვის, რაც გამოწვეულია სხვადასხვა თანამდებობაზე არსებული ვაკანსიებითა და საავადმყოფო ფურცლების პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებებით.
საქონლისა და მომსახურების მუხლი 1.5 მილიონი ლარით მცირდება. აღნიშნული თანხა წარმოიქმნა ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე გამოყოფილი ფონდების სრულად აუთვისებლობით, ასევე ხელშეკრულებების ფაქტობრივი ათვისებისას მიღებული ეკონომიის შედეგად. ანუ მსხვილ ხელშეკრულებებში, მსხვილ შესყიდვებში გვაქვს საკმაო დანაზოგი - მათ შორის არის ბენზინი (მაგალითად, ნახევარი მილიონი იქ რჩება). არის სხვა ასეთი მსხვილი შესყიდვებიც, სადაც საკმაო დანაზოგია და ეს მაჩვენებელი წლის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება.
სხვა ხარჯების მუხლი მცირდება 1 მილიონი ლარით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების ფაქტობრივი ანაზღაურებისას წარმოქმნილ ეკონომიას, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 1 მილიონი ლარით მცირდება", - განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილი პროექტით 91.5 მილიონ ლარს შეადგენდა, 10 მილიონი ლარით დაკორექტირდება.
რაც შეეხება 2027 წლის დაფინანსებას, სახელმწიფო ბიუჯეტის უახლესი პროექტის მიხედვით, პარლამენტის დაფინანსება ამ ეტაპზე 95.44 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
თუმცა, აპარატი არაფინანსური აქტივების (ინფრასტრუქტურული და IT შესყიდვების) მუხლში დამატებით 3 მილიონი ლარის ასახვას ითხოვს. მიზეზი პარლამენტის სხვა შენობაში გადასვლის გეგმის გადავადებაა.
კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს არსებულ შენობაში დარჩენა კიდევ სულ მცირე 5 წლით მოუწევს, რის გამოც ინფრასტრუქტურის განახლება გარდაუვალი გახდა:
"აქამდე, მოგეხსენებათ, იყო განცხადება და ჩვენ ვაპირებდით, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადავსულიყავით სხვა შენობაში. ახლა გაირკვა, რომ რაღაც პერიოდი კიდევ დაყოვნდება ეს ამბავი და ხუთი წელი მაინც მოგვიწევს [აქ ყოფნა].
ადრე თავს ვიკავებდით მსხვილი ინფრასტრუქტურული შესყიდვებისგან - მაგალითად, შენობის გამაგრებისგან და ასევე IT მიმართულებითაც მსხვილი შესყიდვებისგან. ახლა გადავწყვიტეთ, რომ რახან დიდი ხანი გრძელდება ჩვენი აქ ყოფნა, რაღაც შესყიდვები განვახორციელოთ. შესაბამისად, ახალი შესყიდვების გეგმის შესაბამისად, 3 მილიონით ვითხოვთ ამ მუხლში თანხის გაზრდას", - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2026 წლის ბიუჯეტის 10 მლნ ლარით შემცირებას მხარი დაუჭირა, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში 3 მლნ ლარის დამატების მოთხოვნა მთავრობას საბოლოო პროექტის კორექტირებისთვის გადაეგზავნება.
























