კომპანია Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერ მიხეილ კუკავას შეფასებით, 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდაა, მაგრამ 2022-2023 წლებთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია.
“2025 წლის FDI-ის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში საინვესტიციო „აფეთქება“ არ გვაქვს“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, საქსტატის თანახმად, 2025 წელს FDI 7.6%-ით, $1.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ წლიური ზრდის მიუხედავად, ინვესტიციები უფრო ნაკლებია ვიდრე 2022 წელს, როცა FDI $2.2 მლრდ იყო და ასევე, შარშანდელი ნაკადი ჩამორჩება 2023 წლის დონეს, როცა FDI $1.9 მლრდ იყო.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიხედვითვე, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია. გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო - ეს მთლიანად საინვესტიციო ნაკადის 83% იყო.
- FDI-ის მონაცემებში ყველაზე მეტად ყურადღებას რეინვესტიცია იქცევს - აქ მოქმედი კომპანიები მოგების ნაწილს ქვეყანაში ტოვებენ. ეს კარგი სიგნალია, თუმცა, მეორე მხრივ, ნიშნავს იმას, რომ მსხვილი ინვესტორების მასობრივი შემოსვლა, ჯერჯერობით, არ გვაქვს. კაპიტალი რჩება, მაგრამ ახალი კაპიტალი არ მოდის...
- გეთანხმებით, რეინვესტიციის ზრდა ზოგადად პოზიტიური სიგნალია; ჯამურ FDI-ში რეინვესტიციის წილმა შარშან 83%-ს აჭარბებდა. რას ნიშნავს ეს დღევანდელ საქართველოში - ცალსახად იმას, რომ ბიზნესგარემო სტაბილურია და ინვესტორები საქმიანობას აგრძელებენ? და თუ ასეა, სად არიან ახალი ინვესტორები?
- სწორი კითხვაა და აქცენტიც მართებულია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მაინც საინტერესოა - ვართ პატარა, მოქნილი და გეოგრაფიულად ხელსაყრელი ბაზარი. თუმცა დღეს ინვესტორი მხოლოდ დაბალ გადასახადებს აღარ უყურებს. ის სვამს რთულ კითხვებს: რამდენად დაცულია საკუთრება? რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო? რამდენად სტაბილურია პოლიტიკური და ეკონომიკური წესები? ინვესტორს ფულზე მეტად ნდობა სჭირდება. ინვესტიცია მიდის იქ, სადაც მოგებასთან ერთად, არსებობს წესების მიმართ ნდობა. სწორედ ეს ნდობა გვაკლია.




























