მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის განმავლობაში ინფლაცია 3-3,5%-ის ფარგლებში იმოძრავებს - საბანკო ასოციაცია

დავით რუსია

საქართველოში ინფლაციური მოლოდინები უარესდება. იმას, რაზედაც ბოლო პერიოდში ბიზნესი საუბრობს, ადასტურებს ეროვნული ბანკის უახლესი კვლევაც, რომლის მიხედვითაც დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, 1 წლის ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. გაზრდილია პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდის მოლოდინებიც რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ფასების ზრდას 4%-დან 8%-ის ფარგლებში მოელის.

გაცილებით ოპტიმისტურია საბანკო ასოციაციის მოლოდინი. მათი პროგნოზით, წელს ინფლაცია ზომიერად გაიზრდება და 3-3,5%-ის ფარგლებში იმოძრავებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით, ჩვენ ვეთანხმებით კვალიფიციურ საერთაშორისო ორგანიზაციებს და 2025 წლის განმავლობაში ველოდებით ზომიერ პოზიციას. არ მგონია, რომ ინფლაცია 3,5 %-ს გასცდება. ვფიქრობთ, დაახლოებით, 3-3,5% ის ფარგლებში ვიმოძრავებთ მთელი წლის განმავლობაში. რეფინანსირების განაკვეთი ისევ დამოკიდებული იქნება ფულად შემოდინებებზე, დამოკიდებული იქნება დოლარის საერთაშორისო პოზიციაზე და ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობაზე.

იანვარი და თებერვალი ტრადიციულად საბანკო სისტემისთვის გარკვეული პროცესების შენელებით ხასიათდება. ეს ეტყობა საბანკო აქტივებს და საბანკო კრედიტებს, ეს ვერ იქნება ამ წუთს მანიშნებელი ვერაფრის, რადგან მარტიდან იწყება ხოლმე აქტივობა, რაც წლის ტრენდს განაპირობებს. იმედი გვაქვს რომ წელსაც საბანკო სისტემა სტაბილურად ორნიშნა რიცხვით გაიზრდება და ველოდებით, რომ ის ნაბიჯები, რაც სებ-მა გადადგა ლარიზაციის მიმართულებით თავის შედეგებს პირველი კვარტალის ბოლოს დაგვანახებს. იმედი გვაქვს, სებ-ი პოლიტიკას მეტად არ გაამკაცრებს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება აშშ-ს ცენტრალური ბანკის და ევროპის ცენტრალური ბანკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან იქნება კავშირში. ჩვენ ასე ვფიქრობთ“,- აცხადებს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია.

დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 1,9%-იანი ინფლაციაა, სამიზნეზე ქვემოთ, თუმცა თუ გასული წლის მეორე ნახევარს შევხედავთ, ქვეყანაში ინფლაციის ზრდის ტემპი დაჩქარებულია. ეროვნული ბანკი წელს 3%-ზე მაღალ ინფლაციას მხოლოდ მესამე კვარტალიდან მოელის. წლის პირველ და მეორე კვარტალში კი სები ოფიციალურად 2%-ზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები