საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებაა მოსალოდნელი.
როგორც BMG-სთან ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი აცხადებს, შესაბამისად, სავარაუდოდ, წლის განმავლობაში ლარის სესხებზე განაკვეთები მეტწილად შენარჩუნდება და აღარ გაიზრდება.
თუმცა დავით რუსიას თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ქართულ ბაზარზე გაძვირდება ევროს სესხები, რაც თავის მხრივ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გასულ თვეს საპროცენტო განაკვეთის 0.25% პროცენტული პუნქტით გაზრდასთან იქნება კავშირში.
“ივნისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა განაკვეთი. ეს უპირველეს ყოვლისა ინფლაციასთან ბრძოლით იყო განპირობებული. ამასთან, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეინარჩუნა განაკვეთი, თუმცა ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ იქაც ინფლაციურ პროცესებთან საბრძოლველად შეიძლება განაკვეთი გაიზარდოს.
რაც შეეხება ქართულ ლარს, ვფიქრობთ, რომ შემოდგომის ბოლომდე ალბათ რეფინანსირების განაკვეთი 8,25%-ზე შენარჩუნდება, ანუ ეროვნული ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი აღარ გაიზრდება და შენარჩუნდება. როგორც ვთქვით, ევროში განაკვეთი უკვე გაიზარდა და შესაბამისად, ივნისის მაჩვენებელში შეიძლება [ევროს სესხების განაკვეთის] ზრდაც ვიხილოთ, რადგან ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოსაზიდი რესურსის ღირებულება გაზარდა”, - განაცხადა დავით რუსიამ.




























