მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის Green Card-ის გათამაშებაზე რეგისტრირებული ქართველების რაოდენობა განახევრდა - მიზეზები

GREEN CARD

2025 წლის მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია დასრულდა. სტატუსის გაგებას მონაწილეები უნიკალური კოდის გამოყენებით 2024 წლის 6 მაისიდან ვებგვერდზე: dvprogram.state.gov -ზე შეეძლებათ.

როგორც Turebi.ge-ის დამფუძნებელმა ნიკა გოგოლაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რეგისტრაციის რაოდენობა განახევრებულია და სავარაუდოა, რომ ის 200 ათასს არ აღემატება.

რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობის შემცირება მისი განმარტებით რამდენიმე მიზეზით იხსნება. უმთავრესი საკითხი კი მიმდინარე წლის პრაქტიკა გახდა. კერძოდ, გოგოლაძის თქმით, შარშან გამარჯვებული 3 200-მდე პირიდან საკონსულომ გასაუბრებაზე 200-მდე ოჯახი არ დაიბარა.

„პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ ახლა ვინც დარეგისტრირდა ეს არის 2025 წლის გათამაშების მონაწილეები. 2024 წლის მაისში გავიგებთ ვინ გაიმარჯვა, თუმცა ისინი 2025-ში წავლენ, რადგან პროცედურებს მინიმუმ 1,5 წელი სჭირდება.

წინა წელს აქტივობა იყო არნახული, ამ გათამაშების ისტორიაში არ ყოფილა ამხელა აქტიურობა. ზუსტად 3 194 ადამიანმა გაიმარჯვა. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კვოტას, გამოდის, რომ მინიმუმ 300 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა შარშან. თუმცა ზუსტი მონაცემები არ ვიცით, რადგან ბოლო სამი წელია რომელი ქვეყნიდან რამდენი ადამიანი იყო რეგისტრირებული, აღარ ქვეყნდება. ჯამში 13-14 მლნ რეგისტრირდება მსოფლიო მასშტაბით, თუმცა ჩაშლილი მონაცემები ქვეყნების მიხედვით, უცნობია.

შარშანწინ გამარჯვებულების გასაუბრებები დასრულდა ახლა 30 სექტემბერს და სამწუხაროდ 200-მდე ოჯახი დატოვეს გასაუბრების მიღმა. ერთეული შემთხვევების გარდა ეს ადრე არასდროს ხდებოდა. ეს მოხდა საკონსულოს დაუდევრობით, შეგნებულად თუ რამე სხვა მიზეზით არ ვიცი, თუმცა ისინი ვერ გავიდნენ გასაუბრებაზე. ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ადამიანებმა უამრავი ხარჯი გასწიეს, მოემზადნენ, საბუთები, სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

შარშანწინ მოგებული იყო 2 070 კაცი, წელს იყო 3200-მდე. ანუ თუ 2070 არ გამოიძახეს თავის დროზე ახლა 3 200-ის გამოძახებაზე მოლოდინები დამთრგუნველია. ამ ფაქტს თემატურ ჯგუფებში ბევრი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და ალბათ ამის გამოც, 2025 წლის გათამაშებაში, რომლის რეგისტრაცია ახლა დასრულდა, მსურველთა ნაწილმა გათამაშებაში მონაწილეობა აღარ მიიღო. ადამიანების ნაწილმა თქვა, რომ მექსიკით წასვლას განიხილავენ. ნაწილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო თავს იკავებს და ა.შ. შედეგად, წლევანდელი მაჩვენებელი არის იმის ნახევარი, რაც იყო შარშან. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 200 ათასამდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია,“ - განაცხადა გოგოლაძემ.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, გოგოლაძე გამარჯვებულებს შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, გასაუბრების გავლას ევროპულ ქვეყნებში ურჩევს. მისივე თქმით, ევროპაში გასაუბრებაზე გასვლა იქ არსებული მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, წასვლის შანსებს ზრდის.

რაც შეეხება მიზეზების ჩამონათვალს, რის გამოც მოგებულები ხარვეზდებიან, პირველ სამეულში ნასამართლობა, არასაკმარისი განათლება და ოჯახის წევრების ამერიკაში ცხოვრების არალეგალური პრაქტიკა სახელდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პრეტენდენტი დაუშვა ქართულმა საკონსულომ და გასაუბრებაზე არ დაიბარა გამარჯვებულების ნაწილი, ამ რისკის გათვალისწინებით მაღალი რიგის მქონეებს, ვინც სხვადასხვა ენები იციან, ვურჩევ, რომ გასაუბრება სხვა ქვეყნებში გაიარონ. ეს შესაძლებელია უბრალოდ დამატებითი ხარჯია გერმანიაში თუ სხვა ქვეყანაში წასვლა, შემოწმება, დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ. თუმცა ევროპული ქვეყნებიდან მოთხოვნა დიდი არ არის, ერთეული შემთხვევებია, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ დროულად განიხილავენ და დაგიბარებენ, დიდია. რომ არ დაკარგოთ მოგებული მწვანე ბარათი, ეს საუკეთესო პრაქტიკაა.

დახარვეზება ხდება იმ პირების, ვინც არის ნასამართლევი თუნდაც 10-15 წლის წინ, ვისაც არ აქვს 9 კლასის განათლება მაინც, ან არ აქვს პროფესიული განათლება. ასევე დიდი პრობლემაა მათთვის, ვისი ოჯახის წევრებიც ამერიკაში დარღვევით ცხოვრობენ, ამ ადამიანებს მოგების შემთხვევაშიც წასვლაზე პრობლემები ექმნებათ,“ - განაცხადა გოგოლაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს კომპიუტერის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს. 2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც 55 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები