მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის I კვარტალში, 2552 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 2552 კონცენტრაცია - ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმის შემთხვევა დარეგისტრირდა. აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს სწორედ GCCA ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

როგორც უწყების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, I კვარტალში დაფიქსირებული 2552 შემთხვევიდან 2540-ში, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მონაწილეებს კონცენტრაციის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდათ.

ხოლო დარჩენილი 12 შემთხვევიდან 9 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

რაც შეეხება 3 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არსებობდა, თუმცა ისინი მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.

ინფორმაციისთვის, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება.

2025 წელს, GCCA-მა 4 კონცენტრაციაზე - FMCG და სამშენებლო სექტორში მოქმედ კომპანიებზე გასცა თანხმობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები