2025 წლის IV კვარტალის BAG ბიზნეს კლიმატის შედეგები 9.8 ქულით გაუმჯობესდა 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით. კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 1.7 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 18.7 ქულით გაუმჯობესდა. გასული წლის მეოთხე კვარტალის BAG ინდექსი დღეს გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.
სექტორულად თუ შევხედავთ, 2025 წლის IV კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.6 ქულით, მომსახურების სექტორში - 11.0 ქულით და მშენებლობის სექტორში - 7.8 ქულით, ხოლო მაჩვენებელი გაუარესდა მრეწველობის სექტორში 17.5 ქულით.
რაც შეეხება 2025 წლის IV კვარტალის მონაცემების III კვარტალის შედეგებთან შედარებას, BAG ინდექსის თანახმად, ბიზნეს კლიმატი 1.8 ქულით გაუმჯობესდა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 4.1 ქულით გაუმჯობესდა, ხოლო მათ მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 0.3 ქულით გაუარესდა.
2025 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია. 2025 წლის III კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა ყველა სექტორში გარდა მომსახურების სექტორისა.
ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება
2025 წლის IV კვარტალში, 2025 წლის III კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესებულია მრეწველობის სექტორში 18.3 ქულით და ვაჭრობის სექტორში - 8.1 ქულით, ხოლო მაჩვენებელი გაუარესდა მშენებლობის სექტორში 18.6 ქულით და მომსახურების სექტორში - 8.5 ქულით.
ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა მშენებლობის სექტორში 37.1 ქულით და მომსახურების სექტორში - 0.2 ქულით. მაჩვენებელი გაუარესდა მრეწველობის სექტორში 1.7 ქულით, ხოლო ვაჭრობის სექტორში ცვლილება არ ყოფილა.
"2025 წლის IV კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მრეწველობის სექტორში. ამას გარდა, ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი ასევე ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა", - წერია BAG ინდექსში.
ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG
ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების 1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.
აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის მეოთხე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 17 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდში.




























