მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო საუკეთესო იქნება“ - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო საუკეთესო იქნება.

ის გურჯაანში, საკოორდინაციო შტაბში, რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

„რთველი მევენახეებისთვის და მეღვინეობის დარგისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა იქმნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ქართული ღვინო. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მევენახეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონდიციურ და ხარისხიან ყურძენში ისინი მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ. რთველი ახლა იკრეფს ძალას. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სწორედ მისი ხარისხი და უნიკალურობა განსაზღვრავს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი, უდავოდ უნიკალური; სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, ვაწარმოოთ ხარისხიანი და მოთხოვნადი ღვინო“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები