მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინო ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები თავისუფლად ცვლიან აზრებს და უზიარებენ ემოციებს - დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი
14.04.26 13:13
267

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ღვინის ინდუსტრიაში აუცილებელია სიახლეებზე წვდომა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას. მან ამის შესახებ იტალიაში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ღვინის კულტურული ღირებულების საერთაშორისო აღიარება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის ისტორიებს, წარსულსა და ტრადიციებს, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ავთენტიკური და უნიკალურია. ღვინო არის კომუნიკაციის ენა და ვფიქრობ, სწორედ ეს არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება დავინახოთ ღვინის კულტურული ღირებულება საერთაშორისო დონეზე. ღვინო ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები თავისუფლად ცვლიან აზრებს და უზიარებენ ემოციებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო დონეზე ღვინის კულტურულ ღირებულებაზე, უნდა დავინახოთ მისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ღვინო აკავშირებს ადამიანებს, მოვლენებს და აერთიანებს მათ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ღვინის ინდუსტრიის განვითარებასა და გაძლიერებაში საერთაშორისო პლატფორმებისა და ორგანიზაციების, მათ შორის ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) და UNESCO-ს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) და UNESCO მსოფლიო ღვინის ინდუსტრიისთვის აკეთებს. ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ქართული ტრადიცია UNESCO-ს მიერ უკვე აღიარებულია როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა, თუმცა არანაკლები ყურადღების ქვეშ შეიძლება მოექცეს „მარანი”, „სუფრა”, „რთველი”, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია და საინტერესოა ღვინის ტურიზმისთვის“, - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ.

„ქართული ღვინის სექტორი წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელიც წარმატებით აერთიანებს ტრადიციულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს, წარმოების სტანდარტიზაციასა და ექსპორტის დივერსიფიკაციას. ქართული ღვინო დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ბაზარზე და თანდათან იმკვიდრებს პოზიციას, როგორც მაღალი ხარისხის, უნიკალური და კულტურულად გამორჩეული პროდუქტი. ბევრ ქვეყანაში შეძლებთ მის დეგუსტაციას, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ღვინო, ღვინის სამშობლოში მაინც განსაკუთრებულად ისმება. 8 მაისს, საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. სიამოვნებით გავხდებოდი ყველა იმ ადამიანის მასპინძელი, ვისაც უყვარს და აფასებს ქართულ ღვინოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები