მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

დავით სონღულაშვილი

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან იანვარ-ივლისის პერიოდში ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყნიდან 16,1 მლნ აშშ დოლარის 13 059 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 21,2 მლნ აშშ დოლარი და 17 512 ტონა იყო.

საქსტატს ჯერ აგვისტოს მონაცემები არ აქვს, თუმცა როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით ექსპორტირებულია 20.5 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, 25.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1.24 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.

ცნობისთვის, გასული წლის მაის-აგვისტოს პერიოდში კი ექსპორტზე 31,5 მლნ აშშ დოლარის 25 389 ტონა ატმისა და ვაშალატამს ექსპორტი იყო დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამურად ექსპორტის კლება 8 თვის ჭრილშიც გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, ექსპორტის კუთხით რამდენიმედღიანი შეფერხება იყო.

„ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე დღე შეფერხება იყო ექსპორტის მიმართულებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით ყველა გამოწვევა გადაიჭრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი დაუბინავებელი. ეს ეხება არა მხოლოდ ატამს, არამედ სხვა კულტურებსაც. სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დავუდგეთ ფერმერს გვერდით, რათა მოსავალი დაბინავების გარეშე არ დარჩეს“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები