2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 266 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით, ანუ 110 მილიონი დოლარით მეტია.
2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს არსებულ რეკორდთან 784 მილიონ დოლართან შედარებით ნაკლები იყო, თუმცა როგორც 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლები მიანიშნებენ 2025 წელს ამ სექტორის მაჩვენებლები კვლავ მზარდია. აღნიშნულზე მიუთითებს საქსტატიც, რომლის თანახმადაც 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამ სექტორზე მოდის.
IT სექტორის ბრუნვის ზრდა ბოლო რამდენიმე წელში
2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 48 ათასს მიაღწია.
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს საშუალო ხელფასი 4255 ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























