2026 წლის პირველი ნახევარი IT სექტორმა ზრდით დაასრულა. სებ-ის სტატისტიკით, IT სერვისების ექსპორტიდან 6 თვეში კომპანიებმა 841,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 72%-იანი ზრდაა. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 441 მილიონ დოლარს შეადგენდა მეორე კვარტალში კი 400 მილიონ დოლარს მიაღწია.
IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
„ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის“ კოორდინატორი, დავით კიზირია მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ეტაპზე ძირითადად პოზიციონირებს როგორც „საბუღალტრო ჰაბი“ — ადგილი, სადაც კომპანიები შეღავათიანი პირობების გამო რეგისტრირდებიან, თუმცა რეალური პროდუქტი და დამატებითი ღირებულება ნაკლებად იქმნება. კიზირია ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს „მობილურ კაპიტალთან“, რომელიც სწრაფად შემოდის, მაგრამ ასევე სწრაფად შეიძლება გავიდეს. ევროინტეგრაციის პროცესიდან გადახვევა კი ქვეყანას მხოლოდ „რუხი იურისდიქციების“ მოყვარული ინვესტორებისთვის ხდის საინტერესოს.
„ტრადიციულად, ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ფაქტორებად განისაზღვრებოდა საგადასახადო რეჟიმები, რომელიც ინვესტორისთვის მიმზიდველია. მეორე რელოკაცია, თუმცა გარკვეულწილად გადაიარა ამ ტალღამ. თეორიულად შეიძლება ვთქვათ, რომ ყურის კრიზისის შემდეგ კომპანიებმა დაიწყეს რელოკაცია, მაგრამ ხილული ეს არ არის. ძალიან ჰიპოთეტურია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამხელა ეფექტი შეექმნა.
როდესაც ზრდაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ რამდენიმე პარამეტრი. ერთი, როცა შენ ე.წ საბუღალტრო ჰაბი ხარ, სადაც იქმნება კომპანია, რეგისტრირდება იმიტომ, რომ შეღავათიანი რეჟიმებია, ფორმალურად გყავს თანამშრომელი და შეიძლება დიდწილად იქიდან გამომდინარე, რომ ქართული საბანკო სექტორი ამის საშუალებას იძლევა, უბრალოდ ბარათებით სარგებლობენ, მაგრამ საზღვარგარეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვნახოთ, რამდენია დასაქმებულთა რეალური ზრდა სექტორში და მათგან რამდენი პროცენტი ცხოვრობს რეალურად საქართველოში. ეს იქნება პირდაპირი ინდიკატორი, რამდენად მაღალი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამას ქართულ ეკონომიკაზე.
მეორე განზომილებაა, რას აწარმოებს ინდუსტრია. ერთია, როცა ის არის სუფთა წყლის აუთსორსერი, როდესაც ხდება ტვინების გადინება და მეორე, როცა შენ ქმნი რაღაც პროდუქტს, რომლითაც შეგიძლია ღირებულებათა გლობალურ ჯაჭვში შენი ადგილი იპოვო და დამატებითი ღირებულების მომტანი ნიშა დაიკავო, რომელიც უფრო სტაბილურიც არის და უფრო მოგებიანიც.
თეორიულად არის რისკი იმისა, რატომაც არის ქვეყანა მიმზიდველი, რომ შეიძლება ძალიან ლოიალურია გარკვეული რუხი ტრანზაქციებისთვის.
თავის დროზე ალბათ საინტერესო იყო იმითაც, რომ საქართველოს ერთი ნაბიჯი აკლდა ევროკავშირამდე, რამდენადაც ბევრი ინვესტორისთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ, რომ დღეს ეს ფაქტობრივად ინვესტიციად განიხილებოდა ქვეყანაში, რომელიც ხვალ უკვე ამ დიდი ბაზრის ნაწილი გახდებოდა.
ესეც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო თავის დროზე — ევროინტეგრაცია, რითაც ასევე საინტერესო ხდება სომხეთი უფრო და უფრო. ჩვენ ვნახეთ, ევროკავშირი ბევრ საინტერესო დათმობებზე წავიდა და შეღავათებზე სომხეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კანდიდატიც არ არის. შესაბამისად, ევროინტეგრაციიდან გადახვევა ან მის მიმართულებით სწრაფი სვლა არის ასეთი მდგრადი, შედეგიანი და კარგი ზრდის საწინდარი, ხოლო არ სვლა — პირიქით, ანუ უკვე აჩენს მიმზიდველობას მხოლოდ რუხი იურისდიქციების მოყვარული ინვესტიციების და ინვესტორებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ისევ ექსტრაქტიული ეკონომიკური მოდელის გაძლიერებას იწვევს”,-აცხადებს დავით კიზირია.
























