კომპანია „iKnow“-ის დამფუძნებლის, ირაკლი გოგოლაძის განცხადებით, 2022 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების ფონზე, საერთაშორისო გიგანტები საქართველოში აქტიურად ხსნიან ოფისებს და საკუთარ ფინანსურ ნაკადებსა თუ კონტრაქტებს ქართულ იურისდიქციაში ატარებენ. მისი შეფასებით, სწორედ ამ საერთაშორისო კომპანიების ხარზე იზრდება IT სექტორი, ქართული კომპანიების წილი კი ამ ზრდაში მინიმალურია.
ასე ეხმაურება ის სების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველი ნახევარი IT სექტორმა ზრდით დაასრულა. IT სერვისების ექსპორტიდან 6 თვეში კომპანიებმა 841,6 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 72%-იანი ზრდაა. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 441 მილიონ დოლარს შეადგენდა მეორე კვარტალში კი 400 მილიონ დოლარს მიაღწია. IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
„iKnows“-ის დამფუძნებლის თქმით, არსებული ციფრები ვერ ასახავს რეალურ სურათს, თუ როგორ ვითარდება უშუალოდ ქართული IT სექტორი. მისი შეფასებით, აუცილებელია სტატისტიკის უფრო დეტალურად ჩაშლა, რათა მკაფიოდ გამოჩნდეს განსხვავება საერთაშორისო კომპანიებს, ადგილობრივ ბაზარსა და ტელეკომუნიკაციებს შორის.
„სამწუხარო ისაა, რომ ამ ზრდაში ძალიან მცირე პროცენტია ქართული კომპანიების ზრდა. ძირითადი აქტორები არიან საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე საერთაშორისო კომპანიები. ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ქართული კომპანიები აქტიურად იხსნებოდეს და გადიოდეს მათი სერვისები საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ალბათ სამწუხარო მხარე, იმიტომ რომ ქართული კომპანიები რომ აგენერირებდნენ იმ შემოსავალს, რა ზრდაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მთლიანი ამ ფულის უზარმაზარი მასა საქართველოში და ქართულ IT სექტორში აკუმულირდებოდა და დარჩებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მაჩვენებლის ძირითადი წამყვანი ფიგურანტები არიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ და შეღავათების მხრივ ძალიან დაბალ გადასახადებს იხდიან, ეკონომიკური ეფექტი და ზეგავლენა ქვეყანაზე და სექტორზე ძალიან დაბალია, თუ შევადარებთ იმ ნეგატიურ ზეგავლენას, რაც საკადრო კუთხით გამოიწვია ამ კომპანიების შემოსვლამ ქართულ IT სექტორში.
ვინც IT პროფესიით ჩამოვიდა საქართველოში, მათ უმეტეს შემთხვევაში უკვე ჰქონდათ ის კონტრაქტები, რომელსაც ემსახურებოდნენ და უბრალოდ შეიცვალეს ლოკაცია. აქ მთავარია გვესმოდეს, რაზეა საუბარი, როდესაც ასეთი დრამატული და დიდი ზრდაა სექტორში. მარტო კომპანია „ეპამის“ (EPAM), მაგალითზე რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი კომპანია, რომელიც 100 000-ზე მეტ IT თანამშრომელს ასაქმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მილიარდებით ოპერირებს. მარტო მოგება აქვს დაახლოებით 6 მილიარდამდე წელიწადში, მეტი თუ არა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ სექტორში 200 მილიონიდან 300 მილიონამდე, ან 230 მილიონიდან 350 მილიონამდე გაიზარდა ბრუნვა და ექსპორტი, ერთ კომპანიასაც კი შეუძლია არტივად ეს ეფექტი მოახდინოს. მისთვის საკმარისი არის, რომ სხვა ისეთი ქვეყნებიდან, რომელშიც გადასახადს მაღალს იხდის, თავისივე შვილობილი დააკონტრაქტოს საქართველოში და არხი შეუცვალოს უბრალოდ თანხას. გაატაროს ისეთ იურისდიქციაზე, რომელშიც ნაკლებ გადასახადს გადაიხდის და შესაბამისად მეტ მოგებას მიიღებს.
ამით არც საქმე იზრდება და არც ექსპორტი. უბრალოდ ის კონტრაქტი, რომელსაც მაგალითად საერთაშორისო კომპანია ემსახურებოდა ირლანდიაში, წამოვიდა და გატარდა თითქოს დაკვეთა შეასრულა საქართველომ, იმიტომ რომ იურისდიქციულად აქეთკენ უფრო ნაკლებ გადასახადს გადაიხდიდა.
შესაბამისად, ეს ციფრები ნამდვილად აცდენილია რეალობას, როგორ ვითარდება IT დარგი საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ბოლო წლების პრობლემა. ბევრჯერ სხვადასხვა შეხვედრებზე გაგვიჟღერებია დარგის წარმომადგენლებს, რომ ადრეც იყო აცდენილი რეალობას ეს ციფრები, იმიტომ რომ IT დარგს ყოველთვის ტელეკომუნიკაციებთან ერთად თვლიდნენ როდესაც ხდებოდა სტატისტიკის შეგროვება და იძახდნენ, რომ მაგალითად დარგი ნახევარმილიარდიანია. სინამდვილეში ამ ნახევარი მილიარდი ლარიდან ორი მესამედი იყო „მაგთის“ და „ჯეოსელის“, დანარჩენი იყო რაღაც მცირე ნაწილი, შედარებით ერთი მესამედი დარგის რეალური მოცულობა.
მნიშვნელოვანია სტატისტიკის კუთხითაც გავასწოროთ ინფორმაცია და უფრო მეტად ჩაიშალოს, რომ კარგად გამოჩნდეს რა მიმართულებებით ხდება განვითარება და ასე ერთიანად არ შევხედოთ ამ დარგს, როგორც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, ისე ადგილობრივ ტელეკომუნიკაციურ კომპანიებთან ერთად, ამ ბანკებთან ერთად, რომლებიც რაღაც შემთხვევებში უკვე უფრო IT კომპანიებად გარდაიქმნებიან“,-აცხადებს ირაკლი გოგოლაძე.
























