მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ყველაზე ძვირად შეფასებული გუნდები ფორმულა 1-ში

ძვირად ღირებული ფორმულა 1-ის გუნდები

იმ პირობებში, როცა ინვესტორები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფორმულა 1-ში შესასვლელად, სტარტზე არსებული 10 გუნდიდან თითოეულის საშუალო ღირებულება უკვე $3.6 მილიარდს შეადგენს, ხოლო ლიდერები ზოგიერთ NFL-სა და NBA-ს ფრენჩაიზსაც კი უსწრებენ.

გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ “მერსედესის“ მილიარდერი დირექტორი ტოტო ვოლფი მაღალ ეტაპზე ავითარებდა მოლაპარაკებებს “CrowdStrike“-ის მილიარდერ თანადამფუძნებელ ჯორჯ კერტცთან გუნდის მცირე წილის გაყიდვაზე, ყველაზე აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სპორტი ახალ ფინანსურ ფაზაში გადავიდა.

გარიგების ფასი, დაახლოებით $6 მილიარდია, რაც Forbes-ის შეფასებასთან შედარებით 58%-იანი ზრდაა და “მერსედესს“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდებს შორის აქცევს. “ვერცხლის ისრები“ ახლა უფრო ძვირად ფასობენ, ვიდრე NFL-ის 8, NBA-ის 24, MLB-ის 28 და NHL-ის ყველა 32 კლუბი და ასევე ყველა ევროპული საფეხბურთო კლუბი, “რეალ მადრიდისა“ და “მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა.

მთელი ფორმულა 1-ის სათავეში კი „მერსედესი“ არ დგას, ამ პოზიციას უახლოესი შეფასებით “ფერარი“ იკავებს, რომლის ღირებულებაც $6.5 მილიარდს აღწევს მისი უნიკალური სპორტული მემკვიდრეობის გამო.

გრიდზე არსებული ათივე გუნდი ახლა მინიმუმ $1.5 მილიარდზე მეტად ფასობს საზღვრად, რომელსაც ორი წლის წინ მხოლოდ ოთხი გუნდი გადალახავდა და საშუალო ღირებულება $3.6 მილიარდამდე არის გაზრდილი, რაც 2023 წელთან შედარებით 89%-იანი ნახტომია.

ეს ზრდა ფორმულა 1-ის ბიზნესის დინამიკის აშკარა შედეგია: გუნდების საშუალო შემოსავალმა გასულ წელს $430 მილიონს მიაღწია და კვლავაც ინარჩუნებს ორნიშნიან წლიურ ზრდას. “მერსედესის“ რეკორდული $799 მილიონი 2024 წლის შემოსავალი მსოფლიოს სპორტულ გუნდებს შორის მე-10 საუკეთესო მაჩვენებელია.

თუმცა, გუნდის ფასების ასეთი აჩქარება უფრო მეტად მოგებიანობის ცვლილებამ გამოიწვია, რომელიც 2021 წელს დანერგილმა ბიუჯეტის ჭერმა შექმნა. ამ სისტემის მიზანია გუნდების ხარჯების შეზღუდვა ავტომობილის კონსტრუქციასა და განვითარებასთან დაკავშირებულ სფეროებში.

მაღალბიუჯეტიანი გუნდების „ძლიერი სურვილების“ შეზღუდვის შემდეგ გასულ წელს Forbes-ის შეფასებით 6 გუნდი უკვე მოგებიანი გახდა, ხოლო დანარჩენები სულ რამდენიმე სპონსორზე არიან დამოკიდებული მოგებაზე გადასასვლელად. მაგალითად, “მაკლარენს“, რომელიც 2018 წელს $137 მილიონს კარგავდა, 2024 წელს 61 მილიონი მოგება ჰქონდა, ხოლო “მერსედესის“ $202 მილიონი მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სპორტულ გუნდად აქცევს.

შედეგად, ინვესტორები ცდილობენ შევიდნენ სპორტში, სადაც ფინანსური სტაბილურობა სულ რაღაც ხუთი წლის წინ გარანტირებული არ იყო. ენერგეტიკულ სასმელ “Red Bull“-ს, რომელსაც ორი გუნდი ეკუთვნის (Red Bull Racing და Racing Bulls), სავარაუდოდ $2.3 მილიარდიანი შეთავაზებაც კი მიუღია თავისი იუნიორი გუნდისთვის და უარი უთქვამს.

ამავდროულად, “მერსედესის“ წილის მოლოდინში არსებული გარიგება წინა სეზონის შემოსავლის 7.1-გზის ოდენობით ფასდება, ხოლო ბოლო პერიოდში კიდევ სამმა ფორმულა 1-ის გარიგებამ მსგავსი მაღალი კოეფიციენტები აჩვენა.

კიდევ ერთი გამოწვევაა ინვენტარი. ფორმულა 1-ს კალენდარში მხოლოდ 24 გრან-პრი აქვს ბევრად უფრო ცოტა, ვიდრე NFL-ის 272 რეგულარული სეზონის თამაში ან NBA-ის 1,230, რაც ამცირებს როგორც საეთერო გაყიდვების, ისე პრემიუმ ბილეთების რაოდენობას. ასევე, ავტომობილის შასიზე სპონსორისთვის განსათავსებელი სივრცეც შეზღუდულია და მომავალი წლის ტექნიკური რეგულაციებით, მანქანები კიდევ უფრო პატარა იქნება.

ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ Apple TV აშშ-ში ფორმულა 1-ის ყველა რბოლის ოფიციალურ მაუწყებლად იქცა (სავარაუდოდ, $140 მილიონად წელიწადში, რაც ESPN-ის $85 მილიონიან კონტრაქტს ცვლის), სერიას ჯერ კიდევ არ გაუღია სრულად გზა ამერიკის ყველაზე მსხვილი მედია ბაზრისკენ. წელს აშშ-ში ფორმულა 1-ის რბოლებს საშუალოდ 1.4 მილიონი მაყურებელი უყურებდა NASCAR-ის აუდიტორიის დაახლოებით ნახევარი.

თუმცა ფორმულა 1-ის შიგნით დარწმუნებულნი არიან, რომ გუნდის მინიმალური ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა Cadillac-ის გადაწყვეტილება გადაიხადოს $1 მილიარდზე მეტი სერიაში 11-ე გუნდად შესასვლელად. ბევრი ოპტიმისტურად უყურებს იმასაც, რომ ამერიკული ბრენდინგით გუნდი დაეხმარება F1-ის პოპულარობას აშშ-ში, რომელსაც უკვე დიდად შეუწყო ხელი Netflix-ის დოკუსერიალმა “Drive to Survive“-მა და 2025 წლის დიდი ბლოკბასტერმა “F1“, ბრედ პიტის მონაწილეობით.

ასევე არსებობს მრავალი ქვეყანა, რომელიც მზადაა გადაიხადოს უფრო მაღალი საკომისიოები რბოლის მასპინძლობისთვის. მაგალითად, იედდას $55 მილიონი აქვს გადახდილი საუდის არაბეთის გრან-პრის მისაღებად, რაც ორჯერ აღემატება ზოგიერთ ევროპულ ადგილს.

სერიის მთავარი უპირატესობა კი მაინც მისი იშვიათობაა, 11 გუნდი გრიდზე (Cadillac-ის შემოსვლის შემდეგ) და უზარმაზარი რიგი ინვესტორებისა, რომელთაც შესვლა სურთ.
ასეთ პირობებში რთული ფინანსური ანალიზის გაკეთება შეცდომაა, რადგან როცა ბაზრის დინამიკა ასეთია, ყველა ტრადიციული წესი უქმდება.

ცნობისთვის, წარსულში F1 იყო აქტივი, რომელიც წელიწადში უზარმაზარ თანხებს კარგავდა, როგორც გარკვეული MLB-ის კლუბები. ახლა კი F1-ის ტოპ გუნდები ისეთ აქტივად იქცნენ, რომელთა შედარებაც NFL-ს უფრო შეეფერება: ისინი სტრუქტურულად მოგებიანი, მუდმივად მზარდი ბიზნესებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები