მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-ი კრიზისში - რატომ შეექმნა პრობლემები გერმანულ ავტოკონცერნს

Mercedes-Benz

Mercedes-Benz-ი კრიზისში აღმოჩნდა - გერმანული ავტოინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშე, კომპანია, რომლის ავტომობილებითაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს და უპირატესობას მას სწორედ მისი ხარისხის გამო ანიჭებს, იღებს გადაწყვეტილებას, საკუთარ სამშობლოში, გერმანიაში ინვესტიციები გაყინოს და ქარხნების დახურვაზეც კი დაიწყოს მუშაობა. რამ მიიყვანა მსოფლიო ავტოინდუსტრიის გიგანტი ამ ზღვრამდე, რას ამბობს ფინანსური მაჩვენებლები და გადაარჩენს თუ არა კომპანიას ახალი სამოქმედო გეგმა?

რა გადაწყვეტილება მიიღო Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობამ?

13 ნოემბერს, Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გერმანულ ბიზნესწრეებში გაოგნება გამოიწვია. შტუტგარტული გიგანტის მმართველმა საბჭომ, წარმოების ხელმძღვანელ მიხაელ შიბესა და ადამიანური რესურსების დირექტორ ბრიტა ზეგერის მეშვეობით, თანამშრომლებს პირდაპირ განუცხადა, რომ არსებული დანახარჯების პირობებში გერმანიაში ინვესტირებას ვეღარ შეძლებდა, რადგან ეს ფინანსურად შეუძლებელი გახდა.

მენეჯმენტმა თანამშრომლებს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა - ან მკვეთრად შემცირდება ხელფასები, ან დაიხურება ორი გერმანული საწარმო - ერთი ამწყობი ქარხანა ზინდელფინგენში, რაშტატში ან ბრემენში, და ერთიც ძრავებისა და კომპონენტების საწარმო.

რამ ფინანსურმა შედეგებმა გაუმყარა ბორდს პოზიცია?

პასუხი ფინანსურ ანგარიშგებებშია, სადაც ციფრები ინვესტორებისთვის საგანგაშოა. თუ 2022 წელს კომპანიის საოპერაციო მოგება, იგივე EBIT-ი 20.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5.8 მილიარდამდე დაეცა - ანუ კომპანიამ სულ რაღაც სამ წელიწადში 14 მილიარდ ევროზე მეტი საოპერაციო მოგება დაკარგა. კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა მიმდინარე წლის მესამე კვარტალის სურათი. მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით რენტაბელობის მარჟა 4.8%-დან 2.5-მდე დაეცა, ანუ თითქმის განახევრდა, წლიური პროგნოზი კი 2-3%-მდე ჩამოვიდა.

რამ გამოიწვია Mercedes-Benz-ის ასეთი ვარდნა?

როგორც გერმანული მედია წერს, აქ სამი ფუნდამენტური ფაქტორი იკვეთება: ჩინეთის ბაზარზე პოზიციების დაკარგვა, ელექტრომობილების წარმოების მხრივ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა და სავაჭრო ტარიფები.

პირველი და მთავარი დარტყმა ჩინეთიდან წამოვიდა. ბაზარი, რომელზეც ისტორიულად Mercedes-ის გაყიდვების მესამედი, ანუ ყოველი მესამე გაყიდული ავტომობილი მოდიოდა, კომპანიის მთავარ პრობლემად იქცა. ჩინელმა მომხმარებელმა ზურგი აქცია ძვირად ღირებულ უცხოურ ბრენდებს და ადგილობრივ, მაღალტექნოლოგიურ და ბევრად იაფ ელექტრომობილებზე გადაერთო. შედეგად, 2025 წელს ჩინეთში გაყიდვები 19%-ით დაეცა, ხოლო წელს, მესამე კვარტალში ვარდნამ 31%-ს მიაღწია. მეტიც, პეკინის ერთობლივი საწარმო, რომელსაც კომპანიისთვის მილიარდობით ევროს მოგება მოჰქონდა, წელს პირველ ნახევარში 445-მილიონიან ზარალზე გავიდა.

მეორე ფაქტორი, თავად მენეჯმენტის არასწორი გათვლები აღმოჩნდა. ოლა კელენიუსმა, 57 წლის შვედმა ტოპ-მენეჯერმა და Mercedes-Benz-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც კომპანიას 2019 წლიდან მართავს, ფსონი ულტრა-ლუქს სეგმენტსა და სრულ ელექტრიფიკაციაზე დადო.

თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა პროგნოზირებულზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა - დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად, ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების წილი გაყიდვებში მხოლოდ 25% აღწევს.

ამას დაემატა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ამერიკული ტარიფები, რაც კომპანიას გასულ წელს 1 მილიარდი ევრო დაუჯდა, წლიურ ჭრილში კი ეს წნეხი უკვე 2 მილიარდ ევროს აჭარბებს.

სწორედ ამ გარე შოკების ფონზე უკვე შეუძლებელი გახდა იმ მთავარი პრობლემის დაფარვა, რომელიც Mercedes-ს წლებია აქვს - არაკონკურენტუნარიანი ხარჯები.

ოლა კელენიუსმა ბერლინში გამართულ ფორუმზე ძალიან მკაფიო ფაქტები წარმოადგინა: თუ გერმანიაში წარმოების ხარჯი, პირობითად, $100 დოლარია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 80-ია, უნგრეთში - 30, რუმინეთში - 20, ხოლო ჩინეთში - 10-დან 20-მდე. აღსანიშნავია, რომ ევროსტატის მონაცემებიც ამას ადასტურებს. გერმანიაში ერთი სამუშაო საათის ღირებულება თითქმის 50 ევროა, მაშინ როდესაც უნგრეთში, სადაც Mercedes-მა კეჩკემეტის ქარხნის სიმძლავრე წლიურ 400,000 ავტომობილამდე გააორმაგა, იგივე საათი სამჯერ იაფი - 15 ევრო ღირს.

შესაბამისად, კომპანიამ მიიჩნია, რომ გერმანელი თანამშრომლები ძალიან ბევრს ითხოვდნენ იმ საქმეში, რასაც სხვები 2-ჯერ და, ზოგჯერ, 4-ჯერ იაფადაც კი აკეთებდნენ.

რა გეგმით აპირებს ავტოკონცერნი კრიზისის დაძლევას?

აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კელენიუსმა უკვე წარადგინა გეგმა, რომელიც მიზნად გერმანული ხარჯების მეხუთედით შემცირებას ისახავს. ანუ, საბოლოოდ ამერიკაშიც და გერმანიაშიც წარმოება ერთი ფასი უნდა ჯდებოდეს, რაც წლიურად კონცერნს 800 მილიონ ევროს დაუზოგვას.

იმის ფონზე, რომ გერმანულ ავტოგიგანტს თანამშრომლების სამსახურებიდან იძულებით გაშვება აღებული ვალდებულებების გამო ასე მარტივად არ გამოუვა, ალტერნატიული გამოსავალი სხვაგვარად მოიძებნა. კერძოდ, კვირის 35-საათიანი სამუშაო რეჟიმის 40 საათამდე გაზრდა. თანაც ისე, რომ ხელფასები დასაქმებულებს არ გაეზრდებათ. დანარჩენი რესურსი კი საშობაო და სადღესასწაულო ბონუსების შეკვეცით დაიფარება.

ეს არის წინადადება, რომელზეც ახლა გავლენიანმა პროფკავშირმა, IG Metall-მა უნდა იმსჯელოს. თუმცა, ანალიტიკოსები არ მოელიან, რომ მოლაპარაკებები მარტივად წარიმართოს, რადგან გაერთიანება 35-საათიან სამუშაო კვირას წითელ ხაზად მიიჩნევს.

როგორ დასრულდება ეს დიალოგი, ახლა ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ გერმანული ავტოკონცერნის ფინანსური შედეგები უარესდება. გამოსავალი კი სხვაგვარად არსად ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები