მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები

ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელები 2025

კრიშტიანუ რონალდუს უსრულდებოდა კონტრაქტის ვადა "ალ ნასრთან“ საუდის არაბეთის პროლიგის კლუბთან, სადაც ის 2023 წელს გადავიდა. იმ დროს მას უკვე მოგებული ჰქონდა პორტუგალიის ნაკრებთან ერთად UEFA-ს ერთა ლიგის ტურნირი, რაც შესანიშნავ შესაძლებლობად მიიჩნეოდა კარიერის ღირსეულად დასასრულებლად.

თუმცა, პორტუგალიელმა მალევე დაასრულა ყველა ვარაუდი მის პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით და “ალ ნასრთან“ ორწლიანი ახალი კონტრაქტი გააფორმა.

რა თქმა უნდა, ფინანსურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, რონალდუ 2025–26 წლების სეზონში “ალ ნასრიდან“ დაახლოებით $230 მილიონს მიიღებს. ეს თანხა მოიცავს არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კომერციული შეთანხმებების შედეგად მიღებულ ბონუსებსაც, რომლებიც კლუბის მეშვეობით ხორციელდება. გარდა ამისა, ის მოიპოვებს დამატებით $50 მილიონს მოედნის მიღმა — სპონსორული შეთანხმებებიდან ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა Nike, Binance და Herbalife. შედეგად, პორტუგალიელი ვარსკვლავის საერთო წლიური შემოსავალი სავარაუდოდ $280 მილიონს აღწევს, გადასახადებისა და აგენტების საკომისიოების გამოკლებით.

ეს საოცარი თანხა, რომელიც დაახლოებით შეესაბამება Forbes-ის წინა სეზონის პროგნოზს, რონალდუს კვლავაც აყენებს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელთა სათავეში უკვე მეექვსედ ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფრო მეტიც, 1990 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთმა აქტიურმა სპორტსმენმა მიიღო ამაზე მეტი შემოსავალი ერთ წელიწადში - მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა, რომელმაც 2015 წელს დაახლოებით $300 მილიონი, ხოლო სამ წლით გვიან $285 მილიონი გამოიმუშავა.

რონალდუს ასეთი მაღალი შემოსავალი აშკარად აშორებს მას თავის მთავარ მეტოქეს — ლიონელ მესის, რომელიც მეორე ადგილს იკავებს $130 მილიონით.

ჯამში, 2025–26 წლების სეზონში მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი მიიღებს დაახლოებით $945 მილიონს, ხოლო რეიტინგში შესასვლელი მინიმალური ზღვარი გაიზარდა და ახლა $43 მილიონს შეადგენს, რომელიც ეკუთვნის “ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინ იამალს. შედარებისთვის, წინა სეზონში ეს ზღვარი “მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე კევინ დე ბრუინის $39 მილიონი იყო.

თუმცა, საერთო ჯამი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4%-ით შემცირებულია, ძირითადად იმიტომ, რომ ნეიმარი, რომელიც წინა წელს მესამე ადგილს იკავებდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოთამაშედ ითვლებოდა სიიდან საერთოდ ამოვარდა.

გასულ სეზონში ბრაზილიელი ვარსკვლავი ელოდებოდა $110 მილიონს, მათ შორის $80 მილიონს თავის საუდურ კლუბთან, “ალ ჰილალთან” კონტრაქტის მიხედვით. მაგრამ იანვარში მან და კლუბმა შეთანხმებით გაწყვიტეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ნეიმარი დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში, “სანტოსში”, სადაც მას საგრძნობლად შეუმცირდა ხელფასი. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც აძლევს საშუალებას კლუბში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩეს, Forbes-ის შეფასებით, მიმდინარე სეზონში ნეიმარის შემოსავალი მხოლოდ $38 მილიონს შეადგენს უმეტესწილად სპონსორებიდან.

ნეიმარისა და დე ბრუინის სიიდან ამოვარდნის მიუხედავად, რეიტინგში კვლავ დომინირებენ ისეთი ცნობადი ვარსკვლავები, რომლებსაც გუნდები არ შეუცვლიათ. “ალ იტიჰადის” მოთამაშე კარიმ ბენზემა მესამე ადგილზეა $104 მილიონით, ხოლო “რეალ მადრიდის” კილიან მბაპე მეოთხეა 95 მილიონით. ტოპ ხუთეულს ასრულებს ერლინგ ჰაალანდი, რომელმაც იანვარში გააფორმა ახალი, ცხრა და ნახევარი წლით გათვლილი კონტრაქტი “მანჩესტერ სიტისთან” მისი ხელფასი და ბონუსები ჯამში $60 მილიონს აღწევს, დამატებით $20 მილიონი კი მოედნის მიღმა შემოსავლებიდან.

“რეალ მადრიდის” ვინისიუსი მეექვსე ადგილზეა $60 მილიონით, თუმცა ის ვეღარ ითვლება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად სიაში ეს ტიტული ეკუთვნის “ბარსელონას“ 18 წლის ტალანტს, ლამინ იამალს, რომელიც გახდა Forbes-ის ფეხბურთელთა სიაში მოხვედრილი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ამ რეიტინგის 22-წლიან ისტორიაში. მისი თანაგუნდელი, ჯუდ ბელინგჰემი, მეცხრე ადგილზეა 44 მილიონი დოლარით, რაც ასევე გამორჩეული შედეგია.

ამ ორ ახალგაზრდას საშუალება მიეცა, ესპანეთის ლა ლიგას ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყოლოდა სიაში ოთხი მოთამაშით. საუდის პროლიგას სამი წარმომადგენელი ჰყავს (რონალდუ, ბენზემა და სადიო მანე), პრემიერლიგას ორი (ჰაალანდი და მოჰამედ სალაჰი), ხოლო მესია კვლავ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც MLS-ს წარმოადგენს.

თუმცა, ბელინგჰემისა და იამალის გამოჩენა მიანიშნებს ახალ ტენდენციაზე — გლობალურ ფეხბურთში იწყება ახალგაზრდების ტალღა. ათ ყველაზე შემოსავლიანს შორის ხუთი 29 წლის ან უფრო ახალგაზრდაა, რაც ყველაზე დიდი წილია 2020 წლის შემდეგ, ხოლო სიის საშუალო ასაკი დაეცა 30 წლამდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

რონალდუ კვლავ ლიდერობს ფინანსურ ცხრილში, მაგრამ აშკარაა, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე მზადაა მისი ადგილის დასაკავებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები