ფინანსური გამოცემა ფორბსის მონაცემებით 2025 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ერთად $1.4 მილიარდს გამოიმუშავებს. ეს თანხა მცირედით მეტია, ვიდრე გასული წლის $1.38 მილიარდიანი მაჩვენებელი, რაც Forbes-ის მიერ 1990 წლიდან წარმოებული რეიტინგის ფარგლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის მხოლოდ მეორე შემთხვევა (2024-ის შემდეგ), როცა ტოპ ათეულის ყველა წევრის შემოსავალმა $100 მილიონს გადააჭარბა.
სიაში ორი სპორტსმენის, სტეფ კარისა და შოჰეი ოტანის მოედანს გარეთ მიღებულმა შემოსავალმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში $100 მილიონი შეადგინა, რაც მოიცავს რეკლამებს, იმიჯს, მერჩენდაიზინგსა და ლიცენზირების საფასურს. Forbes-ის მიხედვით, წლევანდელ წლამდე აქტიური სპორტსმენებიდან მსგავსი შედეგი მხოლოდ სამ ათლეტს დაუფიქსირდა: კონორ მაკგრეგორს (MMA, $158 მილიონი, 2021), ტაიგერ ვუდსს (გოლფი, $105 მილიონი, 2009) და როჯერ ფედერერს (ჩოგბურთი, $100 მილიონი, 2020). თანაც აღსანიშნავია, რომ სტეფ კარიც და შოჰეი ოტანიც არანაირ კავშირში არ არიან საუდის არაბეთთან, რაც მათ განსაკუთრებულად გამოარჩევს მათივე შემოსავლის კატეგორიაში მყოფი სხვა სპორტსმენებისგან.
რეიტინგის პირველი ადგილოსანის კრიშტიანუ რონალდუს ანაზღაურება, რაც $275 მილიონს შეადგენს, ნათლად აჩვენებს, რამდენად გაიზარდა სპორტსმენების შემოსავალი ამ რეიტინგში. როცა მან პირველად დაიკავა პირველი ადგილი 2016 წელს, მისი შემოსავალი $88 მილიონი იყო. მომდევნო წელს კი $93 მილიონი. დღეს კი ვერცერთი ეს რიცხვი ვერ მოხვდებოდა ტოპ 14-ში და ორივეს ჯამიც კი $94 მილიონით ჩამოუვარდებოდა მის წლევანდელ შემოსავალს.
მთლიანობაში კი 2025 წლის ხუთი ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5) ლიონელ მესი (ფეხბურთი) - $135 მილიონი
4) დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - $137 მილიონი
3) ტაისონ ფიური (კრივი) - $146 მილიონი
2) სტეფ კარი (კალათბურთი) - $156 მილიონი
1) კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - $275 მილიონი




























