2025 წლის პირველ იანვრიდან საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესები უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს.
აღნიშნული „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონს დაექვემდებარება, რომელშიც ცვლილებების შეტანის საკითხი პარლამენტმა 77 ხმით სამი მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის მიზანია საკანომდებლო ბაზის შექმნა, რაც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევას, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე შემუშავდება ტექნიკური ნორმები.