მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერი სწორია - ზარქუა

6486d4ba97c69
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.23 13:13
561
სტატიაში საუბარია:
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რასაც იტყვის, ის აპრიორი მართალი არ არის და არ ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მოსმენისას განაცხადა. 

"IMF-ის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველაფერი სწორია და გასათვალისწინებელი", - თქვა დეპუტატმა.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ IMF დადებითად აფასებს და გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდითა და სებ-ის მუშაობით კმაყოფილია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებში რამდენჯერმე შეცდა. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველომ ეს საკითხი თავისი გამოცდილებით უნდა გადაწყვიტოს.

„კმაყოფილია თუ არა სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის მუშაობით ამ ბოლო პერიოდში? დიახ, კმაყოფილია. სავალუტო ფონდი კმაყოფილია და ჩვენ რასაც ვაკეთებთ - წარვადგენთ იგივე საბჭოდან, იგივე შემადგენლობიდან, რომლის მუშაობით კმაყოფილია სავალუტო ფონდი და უნდა იყოს... რატომ ? იმიტომ რომ ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა დავაფიქსირეთ, რაც ეროვნული ბანკის დამსახურებაა მთავრობასთან ერთად და ეროვნული ვალუტა არის სტაბილური და დიდ რყევებს არ განიცდის. ანუ ამ საბჭომ, რომელზეც ჩვენ უმრავლესობა ვსაუბრობთ, შედეგი დადო და მათ შორის სავალუტო ფონდი კმაყოფილია.

აქ თქვენ მოუხმეთ სავალუტო ფონდის პოზიციას, ბატონმა ბეჟანმა [წაქაძემ] სწორი თქვა, ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციას შეგახსენებთ, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო და 10% დაფიქსირდა, 6 პროცენტული პუნქტით შეცდნენ, 2022-შიც გაცილებით ნაკლები იყო, 10% დავაფიქსირეთ, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკმა შეცვალა კარგი ზრდა გექნებათო... ის, რომ ერთი და ან მეორე ორგანიზაციის რეკომენდაციები პატივსაცემი და მნიშვნელოვანია... რომ იტყვიან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აპრიორი უნდა მივიღოთ და აპრიორი ისინი მართლები არიან; არა, ბატონებო. ჩვენ ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაკეთებთ იმას, რომ დაუშვებელია ეროვნულ ბანკში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებში 1%-ით მაინც დავუშვათ გაურკვევლობა და ბუნდოვანება. ამას ვაკეთებთ ჩვენ. თუ პირველ რიგში, პრეზიდენტი არ შეიცვლება და მოვალეობის შემსრულებელი იქნება... მერე რა ვქნათ? მერე პრეზიდენტი მართავს იქიდან, ვის უნდა დაევალოს, ამაზეა საუბარი, რომ ეს ბუნდოვანება აღვკვეთოთ. პრობლემა რაშია და რა უნდა ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტს ამ ქვეყნისგან გაგვაგებინეთ?“, - მიმართა ირაკლი ზარქუამ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სებ-ის პრეზიდენტად დღევანდელი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაზეც საუბრობს და ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს ეკითხება, რატომ თვლის ის, რომ კვალიფიციური ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სებ-ის პრეზიდენტობას თავს ვერ გაართმევს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რომან გოცირიძე ლაშა ხუციშვილის დემონიზებას ახდენს, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს საბოტაჟს უწყობს.

„თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ ლაშა ხუციშვილის სახელის დემონიზება მოხდეს, გგონიათ, რომ ეს თუ წარვადგინეთ[ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად], ცუდია. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ თქვენ[რომან გოცირიძეს] ხომ იცით, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდა, ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა და ამ ბიჭის[ლაშა ხუციშვილის]. ჩვენი ბიუჯეტი მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით და სავალუტო ფონდის აღიარებით, ყველაზე ღიად და გამჭვირვალედ დასახელდა მთელ მსოფლიოში - ეს ამ ბიჭის[ლაშა ხუციშვილის] დამსახურებაა. რატომ ფიქრობთ, რომ იქ თუ ფინანსთა მინისტრად თავი გაართვა და კარგი, კვალიფიციური და გამოცდილი და კომპეტენტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვერ შედგება? რატომ გაქვთ ეს მიდგომა? ან ამას რატომ აჩვევთ საზოგადოებას? არ არის ეს სწორი მიდგომა. უმრავლესობაში ვართ ჩვენ და გვინდა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობდეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანას საბოტაჟს უკეთებს. ამიტომ არის, შემოგვაქვს ეს ინიციატივა, რატომ ხართ წინააღმდეგი ბატონო გიორგი? [მსხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი] რამდენიმე თვეში ვადა გასდის მოქმედ მოვალეობის შემსრულებელს. შემოგვაქვს ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია, წარმოადგინეს კანდიდატურა, შეთანხმებული იყო და პრეზიდენტმა არ წარადგინა. წარმოადგინოს კანდიდატურები პრეზიდენტმა და მერე იმსჯელოს პარლამენტმა“, - თქვა ზარქუამ.

შეგახსენებთ, 7 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ პრეზიდენტმა მმართველი პარტია მოატყუა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად შეთანხმებული კანდიდატურა, ლაშა ხუციშვილი არ წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ შეთანხმება რეალურად შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა დაინახა საფრთხე, რომ „ქართული ოცნება“ ლობირებდა ლაშა ხუციშვილს, შესაბამისად, ის დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა, ამიტომ კანდიდატურა არ წარადგინა. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვეტოს, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები