პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კანონის არ ცოდნასა და საბანკო სისტემაში საბოტაჟის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ზარქუას თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციას პატივს არ სცემს და ის არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"რასაც ჩვენ აქ ვისმენდით არის ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის და ვერ ერკვევა მის სიღრმეებში, რადგან კანდიდატურები წარმოდგენილია და უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. პრეზიდენტმა ისევ თავისი ურჩობით წარმოადგინა ორი კანდიდატი, რომლებიც კონსულტაციის შედეგად არ იყვნენ შერჩეული. თქვენ "აპრიორი" იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერდა. რომ არ შეგრცხვეთ, ამიტომ აამუშავეთ უკან გაწვევის მექანიზმები. გაქვთ მცდელობა, რომ საბანკო სისტემაში შექმნათ საბოტაჟი, რაც არ გამოგივიდათ.
დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ პრეზიდენტი როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას არ სცემს პატივს, ასევე არ სცემს პატივს ამ პროცედურებს. ვისურვებდი, რომ მეტად კომპეტენტურად მოიქცეს, ჰყავხართ მრჩევლები და დაგიჯეროს, მოგისმინოთ, რადგან უხერხულში ვარდება ქალბატონი პრეზიდენტი. მან უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები და ემსახუროს ქართველ ხალხს და არა მათ, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა ისინი სხდომაზე არ მივიდნენ. კომიტეტებმა კანდიდატურები ჩააგდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანდიდატებს აღარ წარადგენს.