მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026-ში აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების ხელშეკრულებას ვადა გასდის - კობახიძე მოლაპარაკებებს აანონსებს

კობახიძე ბაქოში

"ქართული ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამხრეთის გაზის დერეფნის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არსებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის (წლიურად 0.5 მლრდ კუბური მეტრის) მოწოდებაზე 2026 წლის ბოლომდე არის ძალაში, ხოლო განახლებული პირობების შესახებ მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს.

„მომავალი წლის ბოლომდე ძალაშია ეს ხელშეკრულება. ბუნებრივია, გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება. დაველოდოთ მოლაპარაკებების შედეგებს. არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან შედეგებზე წინასწარ საუბარი. ჩვენ მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ სათანადო გარიგება შედგება ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება. ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს საქართველომ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ³ გაზს იღებს.

არსებული მდგომარეობით, საქართველო წლიურად 3.1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან 2024 წელს საქართველომ 2.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან მიიღო, ხოლო რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზრდილია და ის 2024 წელს 788 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები