საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე 2026 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ მან BMG-სთან მიმდინარე წლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2025 წლის პირველი ორი კვარტალი ბიზნესისთვის მარტივი არ ყოფილა : „ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო წარმატებული პერიოდი კომპანიებისთვის, თუმცა მესამე კვარტალიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ზრდა. ფინანსური მაჩვენებლები აღდგა იმ დონემდე, რაც ე.წ. პოლიტიკურ დაძაბულობამდე არსებობდა და მეოთხე კვარტალში უკვე გამტკიცდა“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული დინამიკა მიუთითებს, რომ კომპანიებმა გადალახეს წლის დასაწყისში არსებული სირთულეები, რაც 2026 წლისთვის ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის. როგორც ვეფხვაძე ამბობს, 2025 წლის მესამე-მეოთხე კვარტალებში გამოკითხული კომპანიების მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიურია საინვესტიციო აქტივობის კუთხით.
„კომპანიების დაახლოებით მესამედი გეგმავს საინვესტიციო საქმიანობას, ხოლო ინვესტიცია სწორედ ის ფაქტორია, რაც ოპტიმიზმს და შემდგომ აქტიურ ეკონომიკურ პროცესებს განსაზღვრავს“, – განაცხადა მან.
ლევან ვეფხვაძემ ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბიზნესის განვითარებაზე გავლენას ახდენს. მისი თქმით, პირველ რიგში ეს არის გლობალური და გეოპოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც საქართველოს კონტროლის მიღმაა.
„წლების განმავლობაში ქვეყანას მაღალი საერთაშორისო რეიტინგები ჰქონდა, თუმცა მათი სრულფასოვანი მონეტიზაცია და უცხოურ ინვესტიციებში გარდასახვა ჯერ იმ მასშტაბით ვერ მოხერხდა, როგორც პოტენციურად შეიძლებოდა“, – აღნიშნა მან და გამოთქვა იმედი, რომ 2026 წელს გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესსაც გაზრდის.
შიდა ფაქტორებს შორის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ორ მთავარ მიმართულებას გამოყოფს – კვალიფიციური კადრების დეფიციტსა და ბიუროკრატიულ წინაღობებს. მისი თქმით, აუცილებელია არა მხოლოდ მოკლევადიანი გადამზადებები, არამედ გრძელვადიანი სტრატეგია პროფესიული კადრების ბაზის შესაქმნელად.
რაც შეეხება ბიუროკრატიას, ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროებში მენეჯმენტის ცვლილებამ გარკვეული პროექტების დროებითი შეჩერება გამოიწვია, თუმცა წლის ბოლოს ვითარება გაუმჯობესდა : „ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელს ბიუროკრატიული ბარიერები კიდევ უფრო შემცირდება და ეს ბიზნესაქტივობაზე დადებითად აისახება“, – განაცხადა მან.




























