ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ ეტაპს უდებს საფუძველს. ამის შესახებ მან აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიული ამოცანაა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ტურიზმსა და ინვესტიციებთან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ პარტნიორობაზეც და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საავიაციო ჯგუფთან Groupe ADP-სთან (რომლის შემადგენლობაშიც TAV Airports-ი შედის) ახალ საფეხურზე გადადის.
საავიაციო ბაზრის გაფართოების ილუსტრირებისთვის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი დაასახელა.
„მიმდინარე წელს, პირველად ისტორიაში დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდნენ და საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია „ნორვეგიის ავიახაზები“ შემოვიდა. სულ რაღაც 2 დღეში კი, საქართველოში ოპერირებას მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია China Eastern დაიწყებს და თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 125 მიმართულებით ასრულებენ. ეს ქმნის მეტ ხელმისაწვდომობას, აძლიერებს კონკურენციას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას.
რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საავტორო უფლებებით განსაზღვრული შეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, „ტავ ჯორჯიას“ კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო სახელმწიფომ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee).
გარდა ამისა, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. მმართველი კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამა ახალი მიმართულებების მოსაზიდად.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია:
- მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობის 10-მდე გაზრდა (გაორმაგება);
- საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომის მოწყობა;
- ტერმინალში 9 ახალი სარეგისტრაციო დახლისა და 2 ახალი საბარგო ლენტის დამატება;
- საპასპორტო კონტროლის ზონის გაფართოება და 24 ახალი პუნქტის მოწყობა;
- არსებული სამგზავრო სივრცეების განახლება, ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეების შექმნა, სადაც აქცენტი ქართული პროდუქციისა და სამზარეულოს პოპულარიზაციაზე გაკეთდება;
- ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის ტევადობის გაზრდა.
„ტავ ჯორჯია“ საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.




























