ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში უწყებაში მკაფიოდ დაინახეს ენერგოსისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებზედაც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს. "ენერგეტიკოსის დღის" აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგის განვითარების ამბიციური გეგმა აქვს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს შეესაბამება.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ენერგეტიკოსის პროფესია არ არის მხოლოდ დარგობრივი საქმიანობა, არამედ ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
„ენერგეტიკა იმ სფეროთაგანია, რომლის გამართული მუშაობა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი ერთი მცირე შეფერხებაც კი მთელი ქვეყნისთვის მყისიერად ხილული ხდება.
ენერგეტიკა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი არ არის. ენერგეტიკა არის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავდა ენერგეტიკულად სუსტი საქართველო. გვახსოვს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგიის ნაკლებობა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტული პრობლემა იყო, ამიტომ, ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება თეორიული მიზანი არ არის, ეს არის ეროვნული ამოცანა. საქართველო აღარ უნდა იყოს ენერგეტიკულად მოწყვლადი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ენერგეტიკულად ძლიერი, თვითკმარი და რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო.
გასული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახეთ ენერგოსისტემის ძლიერი მხარეები, მისი სისუსტეები, შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლებზეც სახელმწიფომ წინასწარ უნდა იზრუნოს. და დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენ ვიცით სად მივდივართ. გვაქვს მკაფიო ხედვა, გეგმა და ამბიცია, რომლის მასშტაბიც საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების რეალურ პოტენციალს შეესაბამება. ამ გეგმის პირველი საყრდენი გენერაციაა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და 2026-2027 წლებში დაგეგმილ და დასასრულებელს საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
























