მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ ძლიერად დაიწყო - G&T-ის მკვლევარი

ზუკა თავყელიშვილი

Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი ზუკა თავყელიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელკი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ ძლიერად დაიწყო. მან უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მკვლევარი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად და მიწოდების კლებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, ბაზარზე წონასწორობის მიღწევას უზრუნველყოფს, ჭარბი მიწოდების დაბალანსების გზით.

რეალურად ყველა ძირითადი პარამეტრი, რასაც ყოველთვიურად ვაკვირდებით, ჯანსაღად გამოიყურება და დინამიკაც ძალიან პოზიტიური არის. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიხურა, მიუხედავად შენელებული დასაწყისისა, წლის ბოლოს უკვე მოთხოვნა მთლიანად აღდგენილი იყო და 2026 წელსაც ეს დინამიკა გადმოჰყვა - პირველი ორი თვე გაყიდვების კუთხით საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. აქ საუბარია როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. პირველად ბაზარზე ჩვენი გამოკითხვაზე დაყრდნობით, დაახლოებით 25%-ით არის პირველ ორ თვეში გაზრდილი გაყიდვები, ასევე მეორად ბაზარზე დაახლოებით 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მიწოდების მხარესაც საკმაოდ ჯანსაღი სურათი გვაქვს. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია უკვე ხშირად ვამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ ბოლო წლებში მიწოდება იმაზე უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ზოგადად ბაზრის საშუალო იყო, ან მოთხოვნას შეუძლია აითვისოს და საკმაოდ პოზიტიური არის ის, რომ ბოლო ხუთი თვეა [მიწოდების] კლების დინამიკა გვაქვს. ეს საჭირო და ჯანსაღი არის ბაზრისთვის, თუმცა ჯერ კვლავ არასაკმარისია და აუცილებელია, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდეს კლების დინამიკა, რათა საბოლოოდ მოთხოვნა და მიწოდებამ კვლავ იპოვოს ის ბალანსი, რომელიც ბოლო სამი წელი არის მაინც დაკარგულია",- განაცხადა ზუკა თავყელიშვილმა.

თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 822-მდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე 1 398 დოლარი შეადგინა, 10.1 დოლარამდე გაძვირდა ქირის ღირებულებაც. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის თებერვალთან შედარებით გასაყიდი ბინის კვადრატულის ფასი 6%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 5%-ით არის გაზრდილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც თებერვლის განახლებაში მოხვდა ნებართვებს ეხება. თებერვალში ნებართვა 10 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამურმა ფართმა 60 283 კვ.მ შეადგინა, კლება წინა წელთან შედარებით 45%-ია. მნიშვნელოვანია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეხუთე თვეა წლიურად მცირდება. ჯამურად, 2026 წლის 2 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წინა წელთან შედარებით განახევრებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები