2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, თელავის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების დაცვის მომსახურებაზე სახელმწიფო კომპანია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" 37.9 მილიონ ლარს დახარჯავს - შესაბამისი კონტრაქტი კომპანიასა და "დაცვის პოლიციას" შორის უკვე გაფორმდა.
შედარებისთვის, 2025 წელს ეს სერვისი 33.2 მილიონი ლარი დაჯდა, 2024 წელს კი 24.2 მილიონი ლარი.
კონტრაქტის თანახმად, აეროპორტების დაცვის უზრუნველყოფაზე სულ 1099 პირისგან შემდგარი პერსონალი იქნება პასუხისმგებელი. კონტრაქტის თანახმად, საავიაციო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის ანაზღაურება თვეში 10,151 ლარით განისაზღვრება. შედარებისთვის გასულ წელს ამ პოსტზე თანამდებობრივი სარგო 8,200 ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანად დაცვის პერსონალის მოცულობა 888 იყო. შესაბამისად, 2026 წელს აეროპორტების დაცვის შემადგენლობა გაფართოვდება.
საქართველოში აეროპორტები იურიდიულად სწორედ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" საკუთრებაშია. საერთაშორისო აეროპორტებიდან ორის - თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი ADP Group-ში შემავალი TAV Holdings-ია. ქუთაისის; მესტიის; თელავისა და ამბროლაურის აეროპორტების ოპერატორი კი თავად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა.
საკონცესიო შეთანხმების თანახმად, აეროპორტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ აეროპორტების გაერთიანებაა, რომელიც შესაბამის კონტრაქტს სახელმწიფო დაცვის სამსახურთან აფორმებს.




























