მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი

თვითმფრინავის ეკიპაჟი

საავიაციო საწვავის ფასების მერყეობა პირდაპირ აისახება ავიაბილეთების ღირებულებაზე, რის გამოც მოგზაურობა ბევრი მოქალაქისთვის შესაძლოა, ფუფუნებად იქცეს. ამის შესახებ BMG-სთან ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, ავიაბილეთის თვითღირებულების 30-35%-ს სწორედ საწვავის ფასი შეადგენს. შესაბამისად, ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა ავტომატურად იწვევს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაყვანების გაძვირებას.

როგორც ზაუტაშვილი აცხადებს, ჰორმუზის სრუტის კრიზისი საქართველოს ბაზარზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ვინაიდან, ქვეყანაში საავიაციო ნავთობი ძირითადად, რუსეთიდან, თურქმენეთიდან და რუმინეთიდან შემოდის. თუმცა, საერთაშორისო ტრენდები და ნედლი ნავთობის საერთო გაძვირება ადგილობრივ ბაზარს მაინც ტვირთად აწვება.

„ავიაბილეთი არ მგონია გაიაფდეს, თუ შეიცვლება ფასი - უფრო მეტად გაძვირდება. სამწუხაროდ, ევროპის მიმართულებით 300-350 ლარიანი ბილეთები, ცალკეული აქციების გარდა, აღარ იარსებებს. ავიამგზავრობა დღეს უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება. მოსახლეობის იმ ფართო სეგმენტს, ვისაც მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ავიაგადაყვანებით, რასაკვირველია, ამის ფუფუნება ბევრს აღარ ექნება“, - აცხადებს ზაუტაშვილი.

ექსპერტის თქმით, ოქტომბრიდან ავიაციაში „დაბალი სეზონი“ იწყება, რაც დროებით დაასტაბილურებს ან შეამცირებს მოთხოვნასა და ფასებს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტარიფები შენარჩუნდება.

ზაუტაშვილი საქართველოს ბაზარზე არსებულ დაბალ კონკურენციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, გარკვეულ მიმართულებებზე, პირდაპირ ფრენებს მხოლოდ თითო-ოროლა კომპანია ახორციელებს, რაც ფასების ხელოვნური მანიპულირების რისკებს ზრდის. ამ ფონზე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ, თუ რა ფასად შემოდის საწვავი და ადგილი ხომ არ აქვს ავიაკომპანიების მხრიდან მარჟების ხელოვნურად გაზრდასაც.

გლობალური ავისაწვავის ფასი გასული კვირის განმავლობაში 9%-ით გაიზარდა და ბარელზე 171 დოლარს მიაღწია. გაზაფხულის კრიზისის შემდეგ, ეს ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ავიაციის ექსპერტები ელიან, რომ ფასის მატება გაგრძელდება და საავიაციო საწვავი მარტი-აპრილის ნიშნულამდე - ბარელზე 209 დოლარამდე გაძვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები