მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის გაძვირების გამო, Lufthansa-ს ხარჯები წლიურად €2 მილიარდით ეზრდება - კომპანიის შედეგები და პროგნოზები

Lufthansa Group

Lufthansa Group-მა წლის მესამე კვარტალის ძლიერი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა - შემოსავლების ზრდამ და ხარჯების შემცირების ზომებმა საწვავის გაძვირება სრულად დააბალანსა.

კომპანიის კორექტირებული საოპერაციო მოგება მესამე კვარტალში (რომელიც პიკურ საზაფხულო სეზონს მოიცავს) წლიურად 6%-ით გაიზარდა და 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა. შემოსავალი 9%-ით გაიზარდა და 12.24 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ჯგუფის ისტორიაში შემოსავლების მხრივ საუკეთესო კვარტალური მაჩვენებელია.

"მზარდი შემოსავლების, სტაბილურად მაღალი მოთხოვნისა და ხარჯების მკაცრი დისციპლინის წყალობით, ჩვენ საწვავის ხარჯების დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ზრდის სრულად კომპენსირება შევძელით", - განაცხადა Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ შპორმა.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული ნავთის მკვეთრი გაძვირების გამო, მესამე კვარტალში კომპანიის საწვავის ხარჯები წლიურად 543 მილიონი ევროთი გაიზარდა.

ეს წნეხი მთელ ინდუსტრიაში იგრძნობა. Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო'ლირიმ ოქტომბერში Euronews-ს განუცხადა, რომ 2027 წელს ევროპაში ავიაბილეთების ფასები შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს, რადგან საწვავის ხარჯები, გადასახადები და ხელმისაწვდომი ადგილების სიმცირე ფასებს მაღლა ექაჩება.

Lufthansa-ს ქსელში შემავალმა ავიახაზებმა სიმძლავრეები ზომიერად გაზარდეს - SWISS-მა, Austrian Airlines-მა და Brussels Airlines-მა კვარტალური შედეგები გააუმჯობესეს. თუმცა ჯგუფის ძირითადი ავიაკომპანია Lufthansa ჩამორჩა საერთო ტენდენციას: მისი მესამე კვარტლის კორექტირებული საოპერაციო მოგება ერთი მესამედით შემცირდა და 300 მილიონი ევრო შეადგინა.

ხარჯების შესამცირებლად Lufthansa-მ ფრენები უკვე შეკვეცა და ნაწილი თვითმფრინავებისა შეაჩერა. მისმა შვილობილმა CityLine-მა აპრილში 27 მოქმედი თვითმფრინავი განრიგიდან ამოიღო, მოგვიანებით კი კომპანიამ გამოაცხადა შემცირებები, რომლებიც ოქტომბრის ჩათვლით 20 000 მოკლე მანძილის რეისს შეეხო.

Lufthansa-ს გათვლებით, ეს ნაბიჯი დაახლოებით 40 000 ტონა საავიაციო საწვავს დაზოგავს. ჯგუფმა ასევე შეამცირა ხარჯები კადრების აყვანაზე, შიდა ღონისძიებებსა და გარე კონსულტანტებზე, პარალელურად კი აგრძელებს გეგმას, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის 4 000 ადმინისტრაციული სამუშაო ადგილი უნდა შემცირდეს.

საწვავის მაღალი ფასები მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს

მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ტილ შტრაიხერტმა განაცხადა, რომ ჯგუფი მეოთხე კვარტალში მყარ მოთხოვნას ელის, თუმცა გეოპოლიტიკური ვითარების გამო საწვავის წლიური ხარჯი, პროგნოზის თანახმად, 9.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.

ეს მაჩვენებელი 2025 წლის 7.27 მილიარდ ევროსთან შედარებით დაახლოებით 2 მილიარდი ევროთი მეტია.

შტრაიხერტის თქმით, Lufthansa-მ 2026 წლისთვის სამგზავრო ავიახაზების საწვავის მოთხოვნის 86% ფინანსური კონტრაქტებით წინასწარ დააზღვია, რათა ფასები დაეფიქსირებინა და ბაზრის მკვეთრი ნახტომებისგან თავი დაეცვა. მან დასძინა, რომ 2027 წლისთვის მოთხოვნის 60%-ზე მეტი ასევე დაზღვეულია.

ჯგუფი ახლა მთელი წლის კორექტირებულ საოპერაციო მოგებას 1.7-დან 2 მილიარდ ევრომდე ელის (ადრინდელი პროგნოზი 1.7-დან 2.2 მილიარდ ევრომდე იყო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები