„ჩვენი ამბიციაა, რომ 2026 წელი იყოს უკეთესი, ვიდრე გასული წელი" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის შეფასებას სამინისტრო პრესრელიზით ავრცელებს.
მარიამ ქვრივიშვილის ამბობს, რომ მომავალ წელს არაერთი ისტორიული პროექტი დაიწყება.
"მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასთან ერთად 2026 წელს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამასთან, არაერთ ისტორიულ პროექტს დავიწყებთ და გავაგრძელებთ, მათ შორის, დავასრულებთ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ასევე ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებაზე, რადგან მიმდინარე წელს უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ უშუალოდ სექტორის გაჯანსაღების თვალსაზრისით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში 2025 წლის მნიშვნელოვან მიღწევებზე საუბრისას ხაზი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გაუსვა, რომელიც თბილისსა და გონიოში უმსხვილესი დეველოპერული პროექტის განვითარებას მოხმარდება და დამატებით 24 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 700 მილიონზე მეტ შემოსავალს მიიღებს. მინისტრის შეფასებით, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიული პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაცია, რომლისთვისაც ერთი მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ფუნქციას.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რეკორდული მონაცემები გვაქვს ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორშიც. ხაზგასასმელია ის რეკორდული, 3.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ სტუმარმასპინძლობის სფეროდან მიიღო. ასევე რეკორდული იყო მგზავრთნაკადის რაოდენობა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნის უზრუნველყოფით და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოყვანით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




























