GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძეს აზრით, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს საქართველოში ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყოს. როგორც მან ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა, მშენებლობის დაწყება ევროპული ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
"აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხუდონის მშენებლობა. რეპუტაციული რისკი ვახსენეთ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად სერიოზული ჩრდილი მიაყენა ნამოხვანის შემთხვევამ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ნამოხვანი ჯერ კიდევ საარბიტრაჟო რეჟიმშია და განიხილება, ვფიქრობ, რომ ხუდონი არის იდეალური იმისათვის, რომ ავაშენოთ და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი მათ შორის ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად.
GREDA-ში ძალიან ბევრი შეხვედრა ინიშნება ხოლმე ძირითადად უფრო აზიური, აფრიკული კომპანიების მიერ. ნაკლებად - ევროპულის, თუმცა ინტერესი დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ დავიწყებთ ჩვენ მომავალ წელს უკვე ხუდონის მშენებლობისკენ ნაბიჯების რეალურად გადადგმას, რაც მოგვიტანს რამდენიმე რამეს. პირველი - ეს არის რეპუტაციული თვალსაზრისით გაუმჯობესების გზაზე დადგომა, ნდობის გაზრდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ინვესტიციები არის დაცული ამ ქვეყანაში. ენერგეტიკული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის უკვე ერთი გადადგმული ნაბიჯი. და მეორე - აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი, ჩვენი ინვესტორების წახალისება და გვერდში დგომა, როგორც ქარის, ასევე მზის და ჰიდროს მიმართულებით", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი იქნება ბიოსაწვავის განვითარებაც.
მაია მელიქიძის აზრით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, რისთვისაც, როგორც ცნობილია, სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გეგმავს.
ხუდონჰესის 702 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული. 2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკას” შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა “ტრანს ელექტრიკას” პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში კი 2021 წელს მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა. 2023 წელს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის პარამეტრები შეიცვალა, რაზეც გერმანულმა საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიამ იმუშავა და განახლებული პროექტის მხრიდან დასახლებულ თემზე გავლენა მნიშვნელოვნად უფრო მცირე იქნებოდა ვიდრე ამას თავდაპირველი პროექტი გამოიწვევდა. თუმცა მას შემდეგ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.




























