"სემეკმა დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს" - ასე უპასუხა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ "ანალტიკას" ეთერში წამყვანის კითხვას, რომელიც სემეკის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფების მოსალოდნელ ზრდასა და "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის თანახმადაც მთავრობა შეეცდება, ტარიფები შეინარჩუნოს.
"სემეკი ხელმძღვანელობს 2014 წელს მიღებული, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, რომელიც არის ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი. სემეკის დამოუკიდებელი მართლაც არის და უნდა შეინარჩუნოს ეს დამოუკიდებლობა.
ტარიფებს რაც შეეხება, მოდით ვაღიაროთ, რომ თოვლიან და წვიმიან ამინდში, რეგიონებში ძალიან რთული ვითარებაა. ჩვენ გვაქვს, ე.წ. პოსტსაბჭოთა ქსელი, რომელიც ძალიან სერიოზულად არის გაცვეთილი უკვე და ვეღარ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის განახლებადი ენერგოწყაროების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია, ეს იქნება მზე, ქარი თუ, მათ შორის, ჰიდრო. რამდენჯერაც წამოვა თოვლი, თუ წვიმა, თუ არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ იმწამსვე რეაგირებს ქსელი და ხდება ხოლმე გათიშვა. გათიშვების მაჩვენებელი არის სემეკისთვის სერიოზული გამოწვევა. ამიტომ, ქსელში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის ეთერში აღნიშნა, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა იმ ₾1.5-მილიარდიანი ინვესტიციის მობილიზაციას შეუწყობს ხელს, რომელიც ქსელის განვითარებისთვის არის საჭირო და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება.
"წლების განმავლობაში "ენერგო-პრო" მუდმივად საუბრობდა ამაზე, რომ ისინი მზად იყვნენ ძალიან სერიოზული თანხების ინვესტირებისთვის, რომ ქსელი გაეუმჯობესებინათ. ეს მოცემულობა დღეს უკვე ნამდვილად დგას, რომ ქსელის რეაბილიტაცია საჭიროა. საუბარი არის 5 წლის განმავლობაში ₾1.5 მილიარდის დახარჯვაზე, რაც პრინციპში ადეკვატურია, იმიტომ რომ ზოგადად ₾2 მილიარდი სჭირდება ამ ყველაფერს, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ სემეკმა მაქსიმალურად იბრძოლა იმისთვის, რომ ხარჯები მინიმუმამდე ყოფილიყო დასული.
თუ გვინდა ენერგოდამოუკიდებლობა, უნდა ავაშენოთ ჰიდროც, მზეც და ქარიც. ქარი პასუხობს ზამთრის გამოწვევებს, მზე პასუხობს ზაფხულის გამოწვევებს, ჰიდრო პასუხობს მთელი წლის განმავლობაში გამოწვევებს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ავაშენოთ და განვავითაროთ ენერგეტიკა, რა თქმა უნდა, პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ხომ, გადატანა ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე. მან უნდა გაიაროს, სადენები და, თუ გადამცემი ქსელი არ არის მზად, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აგენერირო ელექტროენერგია, ანუ აწარმოო პროდუქტი და ვერ მოახდინო მისი ტრანსპორტირება მიწოდება საბოლოო მომხმარებლამდე - მაშინ უკვე აზრი ეკარგება დიდ სურათში ამ მოცემულობის შეფასებას", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ანუ მოსახლეობას, ასევე კომერციულ სექტორს, ბიზნესს შეეხება. მარეგულირებელი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს.




























