მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება - "რატომ ჩამოლაბორანტდა ეს ციფრი"?|ნიკა ალავიძის ბლოგი

მინისტრები

BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის ნიკა ალავიძის ბლოგს.

საქართველოს მთავრობა 2026 წლისთვის ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამ პროგნოზზეა “აწყობილი” მომავალი საბიუჯეტო ჩარჩოც.

მიუხედავად საჯარო განცხადებებისა ძლიერ და სტაბილურ ზრდაზე, მაინც 5%?! რატომ ჩამოლაბორანტდა ეს ციფრი?

ეს კონსერვატიული მოლოდინი, ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციების IMF-ისა და მსოფლიო ბანკის და სხვა “დიფსტეიტის დამქაშების” საბაზისო სცენარებს, ისინი 4,5–5% ფარგლებში დებდნენ ფსონს. მთავრობამაც გადაწყვიტა არ აიღოს რისკები და კონსერვატიულად დაგეგმოს მომავალი წელი…

მრავალნიშნა ზრდა, "ოცნებისთვის" პოლიტიკურად სასარგებლო განცხადებაა, თუმცა ეკონომიკურად უკვე აღარაა კომუნიკაბელური "სუპის" მოყვარულებისთვისაც.

ქვეყნის განვითარებისთვის კი ასეთი ზრდა, საკმარისი არანაირად არაა. ეს განვითარების შეჩერებას ნიშნავს და უბრალოდ არსებობის გაგრძელებაა.

ასეთი ბიუჯეტის სტრუქტურაში კი დაჟინებით იზრდება ბიუროკრატიისა და ძალოვანი უწყებების დანახარჯები, მაშინ როცა განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, თავდაცვა და ახალი სტრატეგიული პორტის მსგავსი და სხვა რეალურად მნიშვნელოვანი პროექტები ორთქლდება.

სად არის „საუკუნის ინვესტიცია“, არაბული არწივების ბორცვები და ბრჭყვიალა ოცდახუთლარიანები?

მთავრობამ Eagle Hills-ის პროექტი უკვე განხორციელებულ და რეალურ უცხოურ ინვესტიციად მოგვაწოდა, რაც აგერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმაც კი დაადასტურეს.


ხელშეკრულებაც გაფორმდა, მე-2 მცდელობით დარეგისტრირდა რეესტრში და წარმატებით გასაიდუმლოვდა.

ვიცით რომ 6.6 მილიარდ ამერიკულ დოლარზეა საუბარი, ისტორიაში ყველაზე დიდ პროექტზე, რომელიც 2 მილიარდ ლარიან მოგებას მოიტანს 10 წლის თავზე და ამასთანავე ყოველ წელს, 700 მილიონს გადასახადების სახით(ო). (ეს ციფრი 2026 ბიუჯეტში ასახული ჯერ არაა, ფაცი-ფუცში გამორჩათ, ალბათ).

რა თქმა უნდა, ეს თანხა ერთბაშად არც და ვერც შეიძლება აისახოს ეკონომიკასა და ბიუჯეტში. ლოგიკურად, 10 წლიან ჰორიზონტზე თუ თანაბრად განაწილდება, წლიურად $660 მილიონი მოუწევს. თუმცა ეს მასშტაბიც აუცილებლად აისახებოდა სამშენებლო სექტორზე, დასაქმებაზე, იმპორტზე, მომსახურებებზე და შესაბამისად თავის ადგილს იპოვის მშპ ზრდაში და შესაბამის საბიუჯეტო შემოსავლებში.

დავაზუსტებ, 2026 წლის 5%-იანი ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებზე ვსაუბრობ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ეს ზრდა ციფრებში უხეშად $1.6 მილიარდი გამოდის.
რაც მეტი უკეთესი, თუმცა თამასა უკვე ვიცით.

ამ ზრდის მთავარი ფაქტორები კი არის:

მოხმარება (საყოფაცხოვრებო დანახარჯები) — მშპ-ში წილი 3%, დაახლოებით, $1 მილიარდი (არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მუხლში ძალიან დიდია ემიგრანტების წილი).

ტურიზმი — 0.8% — 1% ფარგლებში, რაც დაახლოებით შესაძლებელია იყოს $250–300 მილიონი.

მშენებლობა და სხვა მსგავსი მცირე მიმდინარე პროექტები (მცირე დეველოპმენტები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე ჰესები, კომერციული უძ. ქონება და ა.შ. სხვა მცირე ბიზნესაქტივობები) — 0.7–0.9% რაც $200–250 მილიონია.

სახელმწიფო ბიუროკრატიის და გაზრდილი ხელფასების წილი — დაახლოებით 0.3% — $90 მილიონამდე.

ზრდის ამ პროგნოზში არ შედის Eagle Hills-ის მეგაპროექტები. ისინი სხვა ქაღალდზეა დატანილი, არა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშებში.

სამწუხაროდ, მომავალი წლის პროგნოზები ისევ გაზრდილ მოხმარებას და ფულად გზავნილებს ემყარება ანუ ბიუჯეტის თავაწყვეტილ ხარჯვას და არა - ინვესტირებას, გამართულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დოვლათის შემოსვლისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის.

ბიუჯეტი ისევ მოხმარდება არა-მასშტაბურ ან შედარებით მცირე ზომის არა-სტრატეგიულ პროექტებს.
არც ანაკლიის პორტს სწყალობს მთავრობა და არც ენერგოდამოუკიდებლობას. არც უსაფრთხოების ან საკომუნიკაციო და ციფრული პოტენციალის გაძლიერებას.

ციფრების ანალიზისას შეიძლება კარგად ვერ დავინახე დეტალები, რადგან ბოლოს ნაყლაპი ციანიდის, სხვა ქიმიური რეაგენტების და თავში “წამოთაქუნების” ზემოქმედება ჯერ არ გაგვსვლია ორგანიზმიდან. ამიტომ დაგვიზუსტოს ვინც იცის იმან, სადაა 2026 წლის პროგნოზებში:

Eagle Hills $6.6 მილიარდიანი პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაჩერდა? წასულების სადღეგრძელოში ხომ არ გადავიტანოთ?!

დიდი ენერგო-პროექტები იქნება? თუმცა არც პატარები არ ჩანს.

ექსპორტის ზრდა? რეალური ექსპორტის, არა - რე-ექსპორტის, სადაც რისკები უფრო დიდია ვიდრე სარგებელი.

ზოგადად, პროდუქტიულობის გაუმჯობესება როგორ იგეგმება?

ანუ R&D, R&I, განათლება როგორც დაწყებითი და უმაღესი, ისე პროფესიული.

კონკურენციული გარემოს გაუმჯობესება, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, გამტარობის და ტვირთბრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა როგორაა დაგეგმილი?

რატომ არის ეს 5% არაფრისმქნელი? ანუ “business as usual” სადაც ეს “ჩვეულებრივი” ნეგატიური მდგენელია?

იმიტომ, რომ ზრდა ემყარება მოხმარებას, ტურიზმს (რომელიც დიდწილად ისევ იმპორტზე კიდია), კომერციული უძრავი ქონების დეველოპმენტს (რასაც თავისი თანმდევი რისკები აქვს), დაბალეფექტური და ხშირად კორუმპირებული საჯარო სექტორის ხელფასების ზრდას;
არა - გრძელვადიან და სტრუქტურულ განვითარებას.
შესაბამისად, ეკონომიკა მოწყვლადია გარე შოკების და შესაძლო გეოპოლიტიკური რისკების მიმართ.
არაფერს არ ვამბობ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რიკსებზე, რასაც უბრალოდ არ აღიარებს ეს მთავრობა.

და მთავარი, არ უნდა დავივიწყოთ, კორუფციული მდგენელი;
ე.წ. “ეშმაკების წილი” რაც ბიუჯეტიდან სისტემურ პარვას ნიშნავს სხვადასხვა მეთოდებით, რაც დიდი ხანია დადასტურებულია.

რამდენიმე სანდო და რეპუტაციულ წყაროზე დაყრდნობით, გასული 13 წლის “საოცნებო” მმართველობის პერიოდში, შესაძლო სისტემური კორუფციით მიღებული დანაკარგის შეფასება შესძლებელია კონსერვატიული მიდგომით, საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტებით (OECD კვლევებზე დაყრდნობით).

განვიხილოთ ეს შესაძლო წყაროები, ანუ სად და როგორ ორთქლდება ეს “ეშმაკების წილი”:

წლიურად 700 მლნ ლარი “დაიზოგა” სახელმწიფო საწარმოებში(ო), [https://www.economy.ge/?lang=en&nw=2817&page=news&utm ], რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ წლების მანძილზე, ამ არხით “ჩაირეცხა” მილიარდობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხა, სრულიად “უწყინარი და ლეგალური” გზით. არაფრის კეთებაში.

უხეშად 13 წელზე გადამრავლებით, თითქმის 9 მილიარდი ლარი.

ამის გარდა, მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები, თვმჯდომარეები და მათი მოადგილეები, უმაღლესი თანამდებობის და ბიზნესის გადახლართული ინტერსთა კონფლიქტები და ა.შ.

600 მლნ დოლარზე მეტი საეჭვო AML ოპერაცია 3 წელიწადში, რაც სისტემურ ხარვეზებზე უფრო მიუთითებს და ამ მასშტაბს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს.

Transparency International-ის და “აი ფაქტის” ანგარიშები ინტერესთა კონფლიქტების და ბიუჯეტის დატაცების სავარაუდო შემთხვევებზე.

ამ მონაცმების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაკეთდეს დაშვება, და გაითვალოს ისეთი კოეფიციენტი, რაც ბიუჯეტში კორუფციის სავარაუდო წილის გამოთვალში დაგვეხმარება.

პირველ რიგში, წარმოდგენისთვის უნდა ავიღოთ ბიუჯეტი/მშპ-ის კოეფიციენტი. ეს საქართველოში OECD-ის და ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით, 24%-ის ფარგლებშა (2023წ OECD-ის მონაცემით 24.4%; 2026 წლის პროექტით საგადასახადო შემოსავლები 23.7% მშპ-ზე). https://www.oecd.org/content/dam/oecd/en/publications/reports/2025/06/revenue-statistics-in-asia-and-the-pacific-2025-country-notes_0a069779/georgia_e91274f6/dcb44298-en.pdf

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია კორუფციის სავარაუდო წილის გათვლა, რაც უკვე ცნობილ ციფრებზე დაყრდნობით გამოვა 6% (კონსერვატიული სცენარით), ხოლო 10–12 % რეალისტური და მცირედით “ოპტიმისტური” სცენარით.

საერთაშორისო პრაქტიკით კორუფციის წილი ბიუჯეტთან მიმართებით 6–9% შემთხვევაში ძალიან მაღალია, ამაზე მეტი კი კატასტროფაა.

ციფრებშიც რომ გვესმოდეს, 6–12% ჩვენს შემთხვევაში 1.25–2.5 მილაირდი ლარია, რაც “რჩეულ ელიტაზე” ნაწილდება პირდაპირ ბიუჯეტიდან.

და დიახ, ეს თანხაც მონაწილეობს მშპ-ს ზრდის პროცესში,
რადგან დიდი ნაწილი ადგილზე იხარჯება ისევ ახალ "პორშესა" და "რეინჯროვერში", მშენებარე ან ახალ აშენებულ ბინებში და ვილებში, მოგზაურობებში, ტორტებში, “წარმატებულ ბიზნესში”, ძვირფას სამკაულებში და ა.შ.

გამოდის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, უხერხულ წინააღმდეგობაშია მისივე პოლიტიკურ მესიჯებთან.

“არწივების ბორცვების” $6.6 მილიარდიანი ინვესტიცია, ამ მოდელში არ მონაწილეობს, (ჯერ).
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სავარააუდოდ, ფინანსთა სამინისტროს არა-ოპტიმისტურ მოლოდინზე მიანიშნებს ამ პროექტის მიმართ.

პარალელურად, სტრატეგიული საინვესტიციო მიმართულებები, რაც ელემენტარული განვითარების საფუძველია — განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული პორტი, შუა დერეფნის და უკვე გაზრდილი კონკურენციის/შესაძლებლობის პირობებში, უმნიშვნელოვანესი მიმართულებები — სრულადაა უგულებელყოფილი.

სანაცვლოდ არაეფექტური ბიუროკრატია და ძალოვანი უწყებების გაზრდილი ფინანსირებაა.

შესაბამისად, საჯაროდ ხელმისაწვდომ ციფრებზე დაყრდნობით, საქართველოს ბოლო 13 წლის ჯამური დანაკარგი მარტივად 20 მილარდ ლარს გადააჭარბებს (სახელმწიფო საწარმოებიდან მოპარული მილიონები და ბიუჯეტის ყოველწლიური დატაცება 10–12% ფარგლებში).
ეს შეიძლება ყოფილიყო ქვეყნისათვის მნიშვნელოვან და მომგებიანი პროექტებში ინვესტირება, რითიც ეკონიმიკური ზრდა 100 მილიარდს კი არა 200 და 300 მილაირდსაც გადააჭარბებდა და საქართველო ბევრად კონკურენტული იქნებოდა რეგიონში.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს აღარ მოხდეს?
პირველ რიგში, საჭიროა პოლიტიკური ნება. ეს ნება უნდა გამოიმუშაოს ქვეყანამ, სრულად. სუპიდან თავი ავწიოთ და მართლა ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები, როგორც ეს ახლახან, “დიდმა მოაზროვნეებმა გვირჩიეს”.

ბლოგში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების ოფიციალური წყაროები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2026 წლის ბიუჯეტის განმარებითი ბარათი https://www.mof.ge

ფინანსთა სამინისტრო, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური ჩარჩო 2024–2027 https://www.mof.ge

IMF, World Economic Outlook, Georgia https://www.imf.org

Geostat, ეროვნული ანგარიშები https://www.geostat.ge

ეროვნული ბანკი, ტურიზმი, საგარეო სექტორი https://www.nbg.gov.ge

https://www.economy.ge/?lang=en&nw=2817&page=news&utm

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებები Eagle Hills-ზე

პარლამენტის ბიუჯეტის ოფისი, ხარჯების სტრუქტურა

Civil.ge, OC Media, Transparency International Georgia https://www.transparency.ge
https://transparency.ge/en/post

World Bank (2024) Global Economic Prospects: Europe & Central Asia Regional Outlook.

OECD Anti-Corruption Division (2023) Fighting Foreign Bribery and State Capture Risks in Emerging Economies.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები