„ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განუხორციელებია“ - ასე უპასუხეს BMG-ის ეროვნულ ბანკში იმ კითხვების პასუხად, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ რეკომენდაციას შეეხება.
კერძოდ, IMF ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვისკენ მოუწოდებს.
დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის მიმართ ისეთი ფინანსური გადარიცხვის შეზღუდვას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არა - ყოველწლიური მოგებიდან გარკვეული ნაწილის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას, რომლის წესი „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის“ 25-ე მუხლში [ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება] არის გაწერილი.
ამასთან, სებ-ში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, IMF-ის რეკომენდაციის შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს. საქმე ის არის, რომ თავად ეროვნულ ბანკს საკანონმდებლო ინიცირების უფლება არ აქვს და ეს პარლამენტს და მთავრობას შეუძლია.
ეროვნული ბანკის განმარტებითვე, IMF-ის რეკომენდაცია ეხება სებ-ის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც წერია, რომ „საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ“.
რას ნიშნავს "დისკრეციული ტრანსფერი მთავრობისთვის" და რატომ ითხოვს IMF სებ-ისთვის ამ უფლების შეზღუდვას? - BMG-ის კითხვები და სებ-ის პასუხები




























