საქართველოს ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ IMF-ის რეკომენდაცია, შეეზღუდოს ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელება, სებ-ის ფინანსური ავტონომიის გასაძლიერებლადაა მიმართული.
IMF ეროვნულ ბანკს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვისკენ მოუწოდებს
დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების აკრძალვა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის მიმართ ისეთი ფინანსური გადარიცხვის შეზღუდვას, რომლის შესახებაც თავად სებ-ს დისკრეციულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და არა - ყოველწლიური მოგებიდან გარკვეული ნაწილის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვას, რომლის წესი „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის“ 25-ე მუხლში [ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება] არის გაწერილი.
ცნობისთვის: 2023 წელს სებ-ს 559 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა, საიდანაც 303 ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხა, 256 მლნ ლარი კი დაიტოვა; 2024 წელს კი სებ-მა 1.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებიდან 670 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადარიცხა, 434 მილიონი კი თავის სარეზერვო ფონდში მიმართა.
მოკლედ, IMF-ის რეკომენდაცია ეხება სებ-ის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს, სადაც წერია, რომ „საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ“.
აღსანიშნავია, რომ კანონში ეს ჩანაწერი 2009 წლიდანაა, მაგრამ როგორც ჩანს, სავალუტო ფონდში ჩათვალეს, რომ საჭიროა, დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გაცემის მკაფიო წესის არსებობა, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა განმტკიცდეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიზეზი სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვებია, რაც დამატებით რისკებს აჩენს.
რატომ დაინახა IMF-მა მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერის გაცემის შეზღუდვის საჭიროება - ამ თემაზე BMG-ის მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხად ეროვნული ბანკიდან მოგვწერეს, რომ ამ დრომდე, ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განუხორციელებია.
ამასთან, სებ-ში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, IMF-ის რეკომენდაციის შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს.
გთავაზობთ ეროვნული ბანკისთვის მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გაცემის შეზღუდვის თემაზე BMG-ის კითხვებს და სებ-ის პასუხებს სრულად.
შენიშვნა: BMG-მ სებ-ს კითხვებით IMF-ის შემაჯამებელი მიმოხილვის გამოქვეყნებამდე მიმართა და პასუხებიც იქამდე მიიღო, თუმცა ჩვენ იგივე კითხვებზე სავალუტო ფონდის პასუხებსაც ველოდით, ამიტომ მასალა არ გამოგვიქვეყნებია.
- ე.წ. IV თავის კონსულტაციების შემაჯამებელ პრესრელიზში [რაც მოგვიანებით განახლებულ შეფასებაშიც ჩაიწერა] IMF წერდა, რომ სებ-ს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს... სებ-ში კი აცხადებთ, რომ ასეთ პრაქტიკას არ მიმართავთ. მაშინ რატომ ჩათვალა IMF-მა საჭიროდ აღნიშნული რეკომენდაციის გაცემა?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს, საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ, მათ შორის - სარეზერვო ფონდიდან განახორციელოს ფინანსური ტრანსფერი მთავრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ამ მუხლის საფუძველზე ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ტრანსფერი არ განუხორციელებია, ფონდის რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს ამის პოტენციური შესაძლებლობაც კი.
- რა არის IMF-ის არგუმენტი, რატომაც სებ-ს მოუწოდებს, გარკვეული შესწორება მოხდეს ამ მიმართულებით კანონში? [გთხოვთ, კანონის შესაბამისი მუხლი მიგვითითოთ]
- აღნიშნული ცვლილება რეკომენდებულია სებ-ის ფინანსური ავტონომიის გასაძლიერებლად. რეკომენდაცია შეეხება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
- აპირებს ეროვნული ბანკი IMF-ის რეკომენდაციის შესრულებას და კანონში ცვლილებებს? თუ - კი, როდის [ვიცით, რომ სებ-ს არ აქვს კანონპროექტის ინიცირების უფლება და ეს პარლამენტის ან მთავრობის დისკრეციაა]? თუ არა - რატომ?
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით.
- ეროვნულ ბანკში კი გვითხრეს, რომ სებ-ი ასეთ პრაქტიკას [მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების გადარიცხვა] ისედაც არ მიმართავსო, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გვითხრა, რომ მთავრობასთან ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვა სებ-ის მოგების განაწილების წესს შეეხებაო. „საუბარია ეროვნული ბანკის მიერ ყოველწლიურად მიღებული მოგების ცენტრალური ბიუჯეტისთვის განაწილების საკითხზე, რომელიც სავალუტო ფონდის შეფასებით, მეტ განმარტებას საჭიროებს“ - ასეა? მოგება სავალუტო რეზერვებთან რა კავშირშია? გთხოვთ, მკაფიო პასუხი მოგვწეროთ.
- რეკომენდაცია არ ითვალისწინებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს წმინდა მოგების გადანაწილებას. ამასთან ამ 25-ე მუხლის თანახმად, მოგების გადანაწილების შედეგად ივსება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდი. ფინანსთა სამინისტროსთან მოგების გადანაწილების გარდა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს აქვს უფლებამოსილება, დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება, სებ-ის სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ და IMF-ის რეკომენდაცია შეეხება სწორედ ამ ნაწილს.




























